ვიდეოქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუსპორტი

გაიცანით ბერძნული „ეთნიკოსის“ ქართველი თავდამსხმელი, წყალბურთელი გიორგი მესხი (ვიდეო)

2023-2024 წლების სეზონში წყალბურთის ასწლოვან ბერძნულ კლუბს, Ethnikos Piraeus-ს 25 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მესხი შეუერთდა.

გიორგის სპორტული ბიოგრაფია 6 წლიდან დაიწყო – ჯერ ცურვაზე დადიოდა, 9 წლისა კი წყალბურთზე შევიდა. მალევე შეიქმნა ასაკობრივი კლუბი „ლიგამუსი“, რომლის კაპიტნადაც გიორგი აირჩიეს. მოგვიანებით „ლიგამუსმა“ სახელი შეიცვალა და „არენა“ დაერქვა, შესაბამისად, გიორგი „არენას“ კაპიტანი იყო. 12-13 წლის ასაკში გამოიძახეს ჭაბუკთა ეროვნულ ნაკრებში, შემდეგ – ახალგაზრდულ ნაკრებში. არის საქართველოს ჩემპიონი წყალბურთში.

გიორგი მესხი 2016 წელს ორი წლით გაემგზავრა სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში და თამაშობდა უმაღლესი ლიგის გუნდში “Voj Vodina”. ამ პერიოდში საქართველოს ახალგაზრდული ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდებში. 17 წლისა კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს და მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა მსოფლიო ლიგაზე იტალიაში, სადაც პირველი გოლიც გაიტანა.

შემდეგ გიორგი ერთი წელი თამაშობდა უმაღლესი ლიგის სერბულ კლუბ „შაბაცში“. 2018 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში ესპანეთში; ითამაშა ადრიატიკის ლიგაზე; არის სერბეთის თასის და სერბეთის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი – ფლობს ორ ვერცხლის მედალს.

სერბეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი მესხი თამაშობდა საქართველოში, იყო საქართველოს ჩემპიონის – თბილისის „თბილისის“ კაპიტანი; ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში და არაერთი გოლი გაიტანა (მაგ., იტალიურ კლუბ „ბრეშასთან“ შეხვედრაში  – 3 გოლი).

გიორგიმ გასულ ზაფხულს საქართველოს 26 წლამდე ასაკის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა უნივერსიადაზე, რომელიც ჩინეთში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა უნივერსიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი მესხი 2023-2024 წლების სეზონში ბერძნულ კლუბ „ეთნიკოს პირეოსში“ თამაშობს საბერძნეთის A1 ლიგაში და საკმაოდ წარმატებით. რამდენიმე დღის წინ „ხიოსთან“ გამართულ შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა მოწინააღმდეგეს 5 გოლი გაუტანა.

გიორგი მესხი (მარცხნივ)„ეთნიკოსის“ კაპიტანთან, მონტენეგროელ ტესანოვიჩთან და მის მეუღლესთან – ნინასთან ერთად

სპორტის პარალელურად გიორგი მესხი დიდ ყურადღებას უთმობს განათლებას. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე (საბანკო განხრით). ამასთანავე, არის ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის კურსდამთავრებული (კურსი მოიცავს 12 წელს) გიტარის განხრით. 2022/23 წელს გაიარა „ჯიპას“ მაგისტრატურის პროგრამა პიარის განხრით.

გიორგი მესხთან ინტერვიუ სპეციალურად nostal.ge-სთვის ნინო ბაჯელიძემ, ლელა შენგელმა და გვანცა მეტრეველმა ათენში, გულშემატკივართა კლუბში ჩაწერეს.

ახლა კი მოუსმინეთ გიორგის სიმღერას გიტარის აკომპანემენტით – „ვარდს ნუ ეტრფი“, რომლის მუსიკის ავტორია არჩილ კერესელიძე, ტექსტი ეკუთვნის პეტრე გრუზინსკის.

17 წლის გიორგი მესხის სადებიუტო გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ლიგაზე წყალბურთში.

საქართველოს ნაკრების დაჯილდოება უნივერსიადაზე ჩინეთში(2023 წ.), სადაც ჩვენმა ბიჭებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ეს კი გიორგის გოლია „ეთნიკოსის“ და „აეკის“ შეხვედრაში საბერძნეთის A1 ლიგაში.

გიორგი მესხის გოლი „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში „ოლიმპიაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე  – ამ შეხვედრაში „დინამომ“ მოწინააღმდეგე დაამარცხა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close