საბერძნეთისაქართველოსპორტი

„ო, არა! ეს ტრაგედიაა“, „ის, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა, არის პასუხი იმაზე, თუ რატომ მოიგო საქართველომ“ – რას წერს ბერძნული მედია თბილისურ მატჩზე

თბილისში წაგებული გადამწყვეტი მატჩის შემდეგ ბერძნულ პრესაში სამგლოვიარო განწყობა სუფევდა და ცხადია, ეს მოსალოდნელიც იყო. მართალია, საბერძნეთის ნაკრებს 2004 წლის ევროპული ოქროც კი აქვს მოგებული, თუმცა ბოლო 10 წელია დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე არ გასულა და ნავსის გატეხა საქართველოს ნაკრებთან სურდა. ჩვენდა საბედნიეროდ, არ გამოუვიდა.

ყველაფერთან ერთად, ბერძნებს თავდაჯერებას პლეი ოფის ნახევარფინალში ყაზახეთის ანგარიშით 5:0 განადგურებაც მატებდათ. მაგრამ თბილისში გაწბილებულები დარჩნენ – უგოლო 120 წუთის შემდეგ დანიშნულ პენალტების სერიაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გამოვიდა – 4:2.

თამაშს საინტერესო გამოხმაურება მოყვა ბერძნულ მედიაში. „ჩვენ ისინი არ დავაფასეთ, მათ ჩვენ დაგვსაჯეს“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას პორტალი In.gr.

„ამპარტავნება ის ყვავილია, რომლის ნაყოფიც თავხედობაა. ჩვენი საქციელით უპატივცემულობა გამოვიჩინეთ ქართველების მიმართ, დავივიწყეთ წარსული. გაგვათამამა ყაზახეთის კარში გატანილმა ხუთმა გოლმა და თავი ცუდი კუთხით წარმოვაჩინეთ.

პირველ რიგში კი, ეს ეხება ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელობას, ფედერაციას, რომელმაც „ლურჯ-თეთრების“ ბოლო ათწლეულის მთავარი თამაში სასკოლო ექსკურსიად გადააქცია. ხელმძღვანელობას ყაზახეთთან წარმატებამ ისე დაახვია თავბრუ, თითქოს მესის არგენტინა გაგვენადგურებინოს და „ბორის პაიჭაძეს“ განიხილავდა არენად, სადაც სინამდვილეში არაარსებული უპირატესობის დემონსტრირება უნდა მოგვეხდინა.

იმ ნაკრების ფიასკომ, რომელიც „ყოველთვის უგებდა საქართველოს“, კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ფეხბურთი ერის კოლექტიური იდენტობის ელემენტია. იმ ფაქტმა, რომ მეტოქე ჩვენ წინააღმდეგ ისტორიულად სუსტი იყო, დაგვავიწყა 20 წლის წინანდელი ამბავი, როდესაც პორტუგალიაში გამგზავრების წინ დიდ ტურნირებზე მხოლოდ ერთი გოლი გვქონდა გატანილი. ეს იყო უპატივცემულობა სანიოლის გუნდის მიმართ, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი ისტორიის მიმართ“, – წერს ბერძნული გამოცემა.

Sport Day: „თბილისში გამართული ფინალი ჩვენი ნაკრებისთვის ტრაგიკულად დასრულდა. ამაში მთავარი დამნაშავე საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მყოფი ხალხია, რომელიც ბერძნულ ფეხბურთს განვითარების საშუალება არ აძლევს“.

Kokkinos Protathlitis: „ტრაგედია! თბილისში გამართულმა თამაშმა ყველანი დაგვადუმა. ათენში მწარე ღამე იყო. საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ მიემგზავრება“.

SDNA: „ის, რაც თბილისის ქუჩებში მატჩის მერე ვიხილეთ, ალბათ, არის პასუხი იმაზე, თუ რატომ მოიგო საქართველომ. ათასობით ადამიანის სახეებზე ყველაფერი იყო აღბეჭდილი. ქვეყანა ამას ელოდებოდა და მიიღო კიდეც. დროშებით შეიარაღებული ფანების ემოციების ხილვა ერთ რამედ ღირდა. ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, საბერძნეთი კი… ის მომენტია, როდესაც უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან გვეწყინა“.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ეროვნული გუნდები ეყოლება. ვილი სანიოლის გუნდი 18 ივნისს თურქეთს შეხვდება, 22-ში – ჩეხეთს, ჯგუფის ბოლო მატჩს კი 26-ში პორტუგალიასთან ჩაატარებს.

europop.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close