ვიდეომსოფლიოპოლიტიკასაქართველო

ემანუელ მაკრონი: „ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპის მიმართ დამტკიცება აღარ სჭირდება!“ (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 ნოემბერს  საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით – როგორც ცნობილია, ევროკომისიამ გუშინ, 8 ნოემბერს რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. საქართველო დეკემბერში წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ამ გზაზე თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე.

საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების საკითხს რეგიონსა და მსოფლიოში.

„ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ სჭირდება დამტკიცება“, – დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.

„გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენ გვერდით“, – წერს ემანუელ მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე აღნიშნულ ტექსტი ქართულად წერია და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას გადაღებული ფოტოც ახლავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close