საზოგადოებასაქართველო

რა უთხრა გარდაცვალებამდე ბებიას თამარ ბაჩალიაშვილმა – 23 წლის პროგრამისტის ამ დრომდე უცნობი ისტორია (ვიდეო)

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელმა ბებიამ რიტა ზურაბაშვილმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ შვილიშვილთან ხშირად და ბევრ თემაზე საუბრობდა. მისი თქმით, სიკვდილამდე გარკვეული პერიოდით ადრე თამარმა უთხრა, რომ შეყვარებული იყო თავის უფროსზე. რაც შეეხება ბაჩანა ლობჟანიძეს, ბებია ამბობს, რომ მის შესახებ თამარს არასდროს უსაუბრია.

„ბე-ს მეძახდა, ერთხელ ვუთხარი, თამრო, რაღაც გეტყობა, შეყვარებული ხომ არ ხარ-მეთქი, არა, ბეო, პირველი შენ გაიგებ, თუ რამე იქნებაო. მერე მობრუნდა და მითხრა, სამსახურში ჩემი უფროსი მომწონსო, 32 წლისაა, ძალიან ვაჟკაცურია და ძალიან ჭკვიანიო. ბაჩანას შესახებ არასდროს არაფერი უთქვამს. მაგათთან კურსზე 500 კაცი სწავლობდა, აი იმ 500 კაცში იყო ბაჩანაც თურმე და იცნობდნენ, როგორც ცოტა ფსიქიურად გადახრილს, არავისთან მეგობრობდაო“, – აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.

რიტა ზურაბაშვილმა ინტერვიუს დროს თქვა, რომ მედიით მის შვილიშვილზე მრავალი დაუმსახურებელი ცილისწამება გავრცელდა და უნდოდა, მოეყოლა, სინამდვილეში როგორი იყო თამარ ბაჩალიაშვილი.

​„ვერ აღგიწერთ, როგორი ბავშვი იყო, მომთმენი, თბილი, ბაღში რომ მიმყავდა, დამსახურებულ ბებიას მეძახდნენ, ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას, მისი საღამოების მომზადებაში. მისი ინტერესის სფერო იყო – წარმატებული ლედი. ძალიან ბევრ რამეს მიაღწია 23 წლის ასაკში, მაგრამ მე მეუბნებოდა, რომ თავისი თავით უკმაყოფილო იყო, სკოლაში ხელოვნებამ დაუწერა ოთხიანი და ოქროს მედალი ვერ აიღო, როცა ძალიან ძლიერი იყო ტექნიკურ საგნებში. ამბობდა, ნეტა ცოტა მაღალი ვყოფილიყავიო. ვიცოდი, სად მუშაობდა, ტერიტორიულად ვიცოდი, სად იყო, მაგრამ რას აკეთებდა, არ ვიცოდი, მეუბნებოდა, ბებო, მაინც ვერ გაიგებ, რომ გითხრაო“, – ამბობს რიტა ზურაბაშვილი.

მისი თქმით, საინგილოდან დაბრუნებული, კარანტინში იმყოფებოდა და სწორედ თამარს უნდა გამოეყვანა 22 ივლისს, თუმცა კარანტინიდან გამოსულს, უკვე სახლში მიცვალებული დახვდა. ბებია ფიქრობს, რომ აქ რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა.

„მიცვალებული და მე ერთ დღეს მივედით სახლში. ძალიან მონატრებული წავიდა ჩემგან, არ ვიცი, რა მოხდა მის ცხოვრებაში, ასე მგონია, აქ რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად არ მოხდებოდა. რაღაცას იტყოდა“, – ამბობს რიტა ზურაბაშვილი.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close