fbpx
საზოგადოებაჩვენი ფავორიტისაქართველო

მუსლიმური უმცირესობის რელიგიური განათლების საკითხისათვის საქართველოსა და საბერძნეთში

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხები უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 10,7 პროცენტი ისლამის მიმდევარია. ამასთანავე, ქვეყანაში არსებობს რეგიონები, სადაც რელიგიური ან/და ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხი აქტუალურია მრავალი თვალსაზრისით.

აღნიშნული პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს მუსლიმური უმცირესობის რელიგიური განათლების პრობლემა აყალიბებს. საკითხი, რაც დრო გადის, სულ უფრო აქტუალური ხდება და სახელმწიფო ვალდებულია, შესაბამისი პოლიტიკა აწარმოოს პრობლემის მოსაგვარებლად, რომლის შინაარსი შემდეგია: საქართველოს მუსლიმური თემების წარმომადგენლები (იგულისხმება სამი ძირითადი თემი: აჭარელი ქართველი მუსლიმები, ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობა და პანკისის ხეობის ქისტები), საერთო ჯამში, ნაკლები რელიგიურობით გამოირჩევიან და უფრო ადათებზე დამყარებულ ტრადიციულ ცხოვრების წესს მისდევენ. პარალელურად, თანამედროვე მსოფლიოში განუხრელად იზრდება რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღნიშნული პროცესის განუყოფელი ნაწილია ე.,წ. პოლიტიკური ისლამის გავრცელება, როდესაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საზოგადოების რელიგიურ გრძნობებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ეს პროცესი თითქოს შეუმჩნევლად მიმდინარეობს, მაგრამ მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს ქართული სახელმწიფოსთვის.

პოლიტიკური ისლამის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რელიგიური განათლებაა. რამდენადაც საქართველოში სახელმწიფო არ ზრუნავს თავისი მუსლიმი მოქალაქეების რელიგიურ განათლებაზე, ამ სიცარიელეს სწორედ უცხოური ორგანიზაციები ავსებენ. კერძოდ, პანკისის ხეობაში აქტიურობენ ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული სალაფიტური სუნიტური ისლამის წარმომადგენლები. ისინი თავს „სუფთა“, თავდაპირველი, სწორი ისლამის წარმომადგენლებად მიიჩნევენ და თვლიან, რომ პანკისის ხეობის უხუცესებს არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა ისლამის საქადაგებლად, თუნდაც იმიტომ, რომ არ იციან არაბული ენა და ვერ კითხულობენ ყურანს.

აღნიშნულმა პროპაგანდამ სერიოზული გავლენა მოახდინა ხეობის ახალგაზრდობაზე. სხვადასხვა მონაცემით, პანკისელი ახალგაზრდების დაახლოებით 70 პროცენტი ამჟამად სალაფიზმის მიმდევარია. ისინი რელიგიურ განათლებას, შესაბამისი დაფინანსებით, ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში იღებენ და, უკან დაბრუნებულები, აქტიურად ავრცელებენ საკუთარ მოძღვრებას. უნდა აღინიშნოს, რომ სალაფიზმი რადიკალურ მოძღვრებად ითვლება და მისი წარმომადგენლები ზოგჯერ ტერორისტულ ორგანიზაციებთან არიან ასოცირებულები. მაგალითად, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ პანკისის ხეობის ახალგაზრდობის რეკრუტირება სწორედ სალაფიზმის გავრცელებას უკავშირდება. https://rb.gy/dwtht2

ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობა, სავარაუდოდ, ყველაზე ნაკლებად რელიგიურია საქართველოს მუსლიმურ თემებს შორის. ამავე დროს, იქაც აღინიშნება რელიგიური განათლების მიღებაზე მოთხოვნილების ზრდა. ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად ირანი აქტიურობს, რადგან ქართველი აზერბაიჯანელების უდიდესი უმრავლესობა, ისევე როგორც ირანის მუსლიმები, შიიტური ისლამის მიმდევრები არიან. ყველაზე აქტიურ ირანულ ორგანიზაციებად სახელდებიან „ალჰ ალ-ბაით“ (Alh Al-Bayt) და ქალაქ ყუმის ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი (The Al-Mustafa International University of Qom). ცხადია, სქემა აქაც იგივეა: ადგილობრივებს საშუალება ეძლევათ, რელიგიური განათლება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიიღონ.  https://rb.gy/mrtllx

ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ აჭარის რეგიონში, ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით, თურქეთი აქტიურობს. ავტონომიურ რესპუბლიკაში ათულობით მედრესე, რელიგიური სასწავლებელია, რომლებიც რეგისტრირებული არაა და თურქეთის რესპუბლიკიდან ფინანსდება. ამ სასწავლებლებისთვის საჭირო პედაგოგიური პერსონალი კი თურქეთის რელიგიურ სასწავლო დაწესებულებაში იღებს განათლებას. http://kvira.ge/413620

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც იქნა, დაიწყო რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზებული პოლიტიკის გატარება, რაც უპირველესად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნით გამოიხატა. შესაბამისად, არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც აღნიშნული პრობლემით არის დაკავებული. ამავე დროს, მუსლიმური უმცირესობის რელიგიური განათლების საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ზემოთ აღვწერეთ, ეს პრობლემა დროულ გადაწყვეტილებას საჭიროებს.

ამ თვალსაზრისით, ვფიქრობთ ბერძული გამოცდილების გაზიარება შეიძლება. საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკის უნივერსიტეტში, თეოლოგიის ფაკულტეტზე 2016 წლიდან არსებობს სპეციალობა, სახელწოდებით „მუსლიმური სწავლების შესავალი“. აღნიშული სპეციალობის სტუდენტებს საშუალება აქვთ, შეისწავლონ ისლამური მოძღვრება, მისი ისტორია, მიმდინარეობები, ასევე, არაბული ენა და სხვა საჭირო დისციპლინები. ამავე დროს, ისინი ეცნობიან ქრისტიანულ მოძღვრებას, სწავლობენ ურთიერთდამოკიდებულებას, რომელიც არსებობს ისლამსა და სხვა რელიგიებს შორის. აღნიშნული სპეციალობის კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ, გამოიყენონ შეძენილი ცოდნა პედაგოგიური ან რელიგიური მიზნით. https://rb.gy/3fo5gu

შემთხვევითი არ არის, რომ აღნიშნული სპეციალობას ქალაქ თესალონიკში ასწავლიან, საბერძნეთის მუსლიმური უმცირესობით დასახლებული დასავლეთ თრაკიის რეგიონთან ახლოს. აღნიშნულ, ძირითადად, თურქულენოვან უმცირესობასთან მიმართებით საბერძნეთის სახელმწიფოს საქართველოს მსგავსი პრობლემები აქვს. მაგალითად, აღმოსავლეთ თრაკიის მუსლიმური უმცირესობის ბევრი წარმომადგენელი სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს განათლებას, მათ შორის, რელიგიურს, ხშირად თურქეთში იღებს, რაშიც მათ მატერიალურად თურქეთის რესპუბლიკა ეხმარება.

საქართველოს რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში მსგავსი სპეციალობის გახსნა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, რომელიც დროსა და კომპეტენციას მოითხოვს, მაგრამ ბერძული გამოცდილება, სავარაუდოდ, ამ საქმეს მნიშვნელოვნად გააადვილებს.

გიორგი ჯანელიძე

P. S. რამდენადაც ვითვალისწინებ წერილზე მოსალოდნელ გარკვეულ რეაქციებს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ, თავისთავად, ისლამი, როგორც მოძღვრება, არავითარ კავშირში არაა იმ საფრთხეებთან, რომელთა შესახებაც აქ არის საუბარი. პირიქით, ისლამი ახლო აღმოსავლეთში დაბადებული სამი მონოთეისტური რელიგიიდან ერთ-ერთია და ისლამურმა კულტურამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კაცობრიობის სულიერ განვითარებაში. საკმარისია აღინიშნოს, რომ ანტიკური ხანის ბერძნული ფილოსოფიური ნაშრომების დიდმა ნაწილმა ჩვენამდე სწორედ არაბი მთარმნელების მეშვეობით მოაღწია. მე-9 საუკუნეში ბაღდათში დაარსებულ „სიბრძნის სახლში“ (bayt al-hikmah) მოღვაწე მეცნიერებმა ამ თვალსაზრისით კაცობრიობას უდიდესი განძი დაუტოვეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ისლამს, და განსაკუთრებით მის რადიკალურ გამოვლინებებს, ეს მე-20 საუკუნის პოლიტიკური ბრძოლის პროდუქტია და ისლამური რელიგია ამ შემთხვევაში, ინტერპრეტაციების მეშვეობით, ამ ბრძოლის ინსტრუმენტს წარმოადგენს. სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა, რელიგიური განათლების სათანადო ორგანიზება სწორედ აღნიშნული საფრთხის განეიტრალებას უნდა ემსახურებოდეს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close