ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ქართველი მეცო-სოპრანო კარმენის პარტიას მისსავე სამშობლოში, სევილიაში იმღერებს (ვიდეო)

ვოკალისტთა ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ქეთევან ქემოკლიძე ყველაზე ცნობილი სევილიელი ქალის, კარმენის პარტიას მისსავე სამშობლოში, სევილიაში იმღერებს და ის პირველი ქართველი მეცო-სოპრანოა, რომელიც სევილიაში ამ როლს შეასრულებს.

24 ივნისს სევილიის „მაესტრანცას“ საოპერო თეატრმა მომდევნო წლის სეზონი და დაგეგმილი სპექტაკლები ოფიციალურად დააანონსა. ქეთევან ქემოკლიძე ამ როლს სეზონის დახურვაზე, 2021 წლის მაის-ივნისში სევილიის ოპერის გენერალური დირექტორის, ხავიერ მენენდესის მიწვევით შეასრულებს. სპექტაკლის რეჟისურა ლეგენდარულ ესპანელ რეჟისორს ემილიო სახის ეკუთვნის.

ქეთევან ქემოკლიძე კარმენის როლის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება, მან ეს პარტია მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე იმღერა.

2017 წელ კი რომის კარაკალის თერმების ფესტივალზე  ბიზეს „კარმენმა“, რომელშიც კარმენის როლს მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ასრულებდა, პრესტიჟული ფესტივალის ისტორიაში ბილეთების გაყიდვის რეკორდი მოხსნა.

ერთი წლის შემდეგ მომღერალმა უკვე  პალმა დე მაიორკას „ტეატრო პრინსიპალეში“ სცენა დაიპყრო: ბელინის „ნორმაში“ ადალგიზას პარტიის შესრულებისათვის იგი პუბლიკის რჩეული გახდა და სეზონის ქალის საუკეთესო ხმის ტიტული მოიპოვა.

ყველაზე გავლენიანი ესპანური საოპერო ჟურნალი „ოპერა აქტუალი“ მის გამოსვლაზე წერდა: „ოქროს კატეგორიის სრულყოფილი ადალჯიზა, რომელიც გვახსენებს საოპერო ისტორიის გრანდიოზულ ხმებს”.

ალბათ ეს ვიდეოც გემახსოვრებათ – ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე #SpendYourSummerInGeorgia-ს კამპანიას შეუერთდა. მისი თხოვნით, ტრიესტეს ვერდის ოპერაში „კარმენის“ ჩვენების შემდეგ შემოქმედებითმა ჯგუფმა მიმართვა პირდაპირ სცენაზე ჩაწერა და მსოფლიოს საქართველოს მონახულება ურჩია.

ქეთევან ქემოკლიძე მეუღლის სამსახურის გამო ვენაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. სანდრო შელეგია ვენის უნივერსიტეტის პროფესორია ეკონომიკის განხრით. ჰყავთ პატარა ვაჟი – ლუკა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ქეთი სამშობლოში ხშირად ჩამოდის, მეგობრებიც ჩამოყავს და საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობს.

„ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრება ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩემი პედაგოგი. ნოსტალგია ხშირად შემომაწვება ხოლმე და, როცა თბილისში ჩამოვდივარ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. განსაკუთრებული, საოცარი ემოცია მეუფლება, როცა ქართულ სცენაზე ვმღერი, როცა ქართველი მაყურებელი მიყურებს და მისმენს, – ამბობს მომღერალი ერთ–ერთ ინტერვიუში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close