fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიის ალპებში თოვლი წითლად შეიფერა

იტალიის სამთო-სათხილამურო კურორტის დამსვენებლები უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ, ალპებში მდებარე პრეზენას მყინვარზე თოვლი წითლად შეიფერა.

ქვეყნის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერები თავდაპირველად მიიჩნევდნენ, რომ ამის მიზეზი წყალმცენარე Ancylonema nordenskioeldii იყო, რომელიც გრენლანდიის ტერიტორიაზე, ე.წ. „ბნელ ზონაში“ გვხვდება, თუმცა უახლესი ვარაუდით, თოვლის შეფერვა სხვა ერთუჯრედიანმა ორგანიზმმა Chlamydomonas nivalis-მა გამოიწვია.

„გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში დედამიწის შუა განედებსა და პოლუსებზე წყალმცენარეების გავრცელება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ყველაფერი, რაც ყინულს მუქ შეფერილობას აძლევს, მის დადნობას იწვევს“, – აცხადებს იტალიის ეროვნული კვლევითი საბჭოს წევრი ბიაჯო დი მაურო.

Chlamydomonas nivalis-ი ცივ კლიმატს არის მიჩვეული, თუმცა მკაცრი ზამთრის განმავლობაში მიძინებულია და ყინულის გალღობას ელოდება, დათბობისთანავე კი ყვავილობასა და გავრცელებას იწყებს. სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე ის ჯერ მწვანეა, შემდეგ ნარინჯისფერი, ბოლოს კი წითელ შეფერილობას იღებს. წითელი პიგმენტი – კაროტინი მას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. მისი საშუალებით წყალმცენარე მეტ სითბოს იზიდავს და ყინულის უფრო სწრაფად დნობასაც უწყობს ხელს. მეცნიერთა თქმით, მიკროსკოპულ ორგანიზმს თოვლის ალბედოს (ზედაპირიდან მზის სხივების არეკვლის უნარის) 13 პროცენტით შემცირება შეუძლია.

კლიმატის დათბობა მწვავე პრობლემაა, რომელიც მყინვარებს დადნობით ემუქრება, წყალმცენარეები კი ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო აუარესებენ. გამოცემა Cryosphere-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერები 2050 წლისთვის ალპებში მდებარე 4 ათასამდე მყინვარზე ყინულის საფარის განახევრებას პროგნოზირებენ, 2100 წელს კი, ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში ნახშირბადის გაფრქვევის გამო, ალპებში ყინულის ორი მესამედი გაქრება.

popx.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close