fbpx
მოგზაურობაპოლიტიკასაქართველო

ევროპა საზღვრებს ხსნის, საქართველო – არა!

ბოლო დღეეების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა საკითხი: აღადგენს თუ არა ევროკავშირი საავიავიო მიმოსვლას საქართველოსთან. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოუთმენლად ელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას.

26 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა 6 საათის განმავლობაში იმსჯელეს იმ ქვეყნების საბოლოო სიასთან დაკავშირებით, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვრები უნდა გაუხსნან პირველი ივლისიდან. სია უკვე შეთანხმებულია და მხოლოდ კავშირის წევრი სახელმწიფოების დასტურიღა რჩება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულო არ არის, მაგრამ ამარტივებს ორმხრივ შეთანხმებებს.

ევროკომისიის სიაში 47 ქვეყანა შედიოდა, მათ შორის, საქართველოც. 24 ივნისს საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ამოიღეს სიიდან. როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე, რამდენად შესწევს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას უნარი, გაუმკლავდეს კორონავირუსის გავრცელებას. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა საქართველოს აქტიურად დაუჭირეს მხარი და საბოლოო სარეკომენდაციო სიაში საქართველო კვლავ დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ეს სია 47-იდან 15 ქვეყნამდე შემცირდა და, მიუხედავად ამისა, საქართველო ამ 15 პრივილეგირებული ქვეყნის რიცხვში აღმოჩნდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, იმ მესამე (ევროკავშირის არაწევრი) ქვეყნების სია, რომლებთანაც სამგზავრო შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, ყოველ ორ კვირაში გადაისინჯება და მას თანდათან სხვა ქვეყნებიც დაემატება.

ამასობაში, 25 ივნისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების აღდგენის ივლისის ბოლომდე გადადების შესახებ განცხადება გაავრცელა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა: საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინი და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. საინტერესოა, რამდენადაც ევროკავშირს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, რა საჭირო იყო ასეთი სიჩქარე? ან რატომ გადაიდო ფრენები კიდევ ერთი თვით, როდესაც ევროკავშირი სიას ყოველ 2 კვირაში განაახლებს?

და კიდევ ერთი საინტერესო ამბავი: ფრენებზე შეზღუდვის მიუხედავად ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ივლისში ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს, ჯამში 10 რესისს. ცხადია, უკონკურენტოდ დარჩენილი კომპანიის ფასებიც „შესაბამისია“: ამსტერდამის რეისზე ერთი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 300 ევროდან იწყება, ხოლო ვენის მიმართულებით – 270 ევროდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნები მკითხველისთვის მიმინდვია, თუმცა ჩემს მოსაზრებასაც გამოვთქვამ: ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, უბრალოდ, ეშინია საზღვრების გახსნის, რადგან პანდემიის დროს სათანადოდ არ გაძლიერებულა ჯანდაცვის სისტემა. ამას გარდა, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა Georgian Airways-ი, რომელსაც ფასებით მანიპულირებს საშუალება მიეცა. გვახსოვს, რა ძვირი ღირდა ბილეთები, როცა ისინი ათენის მიმართულებით ფრენებზე მონოპოლიას ფლობდნენ. ამჯერად, თუნდაც დროებით, მათ ეს პრივილეგიები აღიდგინეს და, ცხადია, სათანადო საფასურის გადახდა ჩვენს მოქალაქეებს მოუწევთ, თუმცა არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოითმენენ ის უცხოური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს ბაზარზე გამოჩნდნენ. თუკი ისინი ქვეყნიდან წავლენ, ქართული ავიაკომპანიის მონოპოლია არც ისე დროებითი აღმოჩნდება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close