fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიის სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს განახლდება – რა წესები იმოქმედებს?

იტალიის სკოლებში ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს განახლდება, თუმცა კვლავ ძალაში დარჩება სოციალური დისტანციის წესის დაცვა. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ კიჯის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

დისტანციური სწავლება მხოლოდ მაღალი კლასებისთვის იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ მოვემზადეთ, რათა მშვიდად და სრულიად უსაფრთხოდ დავბრუნდეთ სკოლებში სექტემბერში, – თქვა კონტემ პრესკონფერენციაზე. – განათლებაში დამატებით მილიარდ ევროს ჩავდებთ, რამაც უნდა უზრუნველყოს უფრო თანამედროვე, უსაფრთხო და ინკლუზიური სწავლება“.

მისივე თქმით, სკოლების დაკეტვა მტკივნეული არჩევანი იყო, მთავრობას ამ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა: „ჩვენ გვჭირდება ნაკლებად გადატვირთული კლასები. მე არ მომწონს ე. .წ „საქათმეები“, ჩვენ ამას მეტად აღარ ავიტანთ“, – თქვა პრემიერმა.

სკოლები პირველ სექტემბერს გაიხსნება და პირველი ორი კვირის მანძილზე სასწავლო პროცესისთვის მზადება იწარმოებს, ხოლო 14 სექტემბერს ბავშვებიც დაბრუნდებიან. სკოლები ვალდებულნი იქნებიან საკლასო ოთახებში მოსწავლეები ერთმეტრიანი დაშორებით განათავსონ. ასევე, მოსწავლეები საჭმელს საკლასო ოთახებში შეჭამენ და არა – სკოლის სასადილოში. განათლების მინისტრის, ლუჩია აძოლინას თქმით, ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები უფრო დიდ დროს ღია სივრცეებში გაატარებენ.

„მივცეთ მოსწავლეებს სუნთქვის საშუალება… აგრეთვე, გავიყვანოთ შედარებით მცირე ასაკის ბავშვები პარკებში, როცა ამის საშუალებას ამინდი მოგვცემს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ რთულ პერიოდში მილიარდი ევროს გამონახვა სკოლებისთვის ნიშნავს, რომ მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს განათლების სისტემას.

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სკოლებს ბიუჯეტიდან 1,12 მილიარდ ევროს გამოუყოფენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close