ეკონომიკასაქართველო

ვინ ისარგებლებს სახელმწიფოს მიერ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით? – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფოს მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირების მექანიზმით სარგებლობა შეუძლია 18 წელს გადაცილებულ ყველა პირს, რომელსაც ბინის შეძენა სურს.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, მექანიზმი ეხება ყველა დეველოპერს, რომელსაც სამშენებლო ნებართვა აქვს.

ნათია თურნავას განმარტებით, კონკურსში ის დეველოპერები გაიმარჯვებენ, რომლებიც ასაშენებელ ფართს სახელმწიფოს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებენ.

„ეს მექანიზმები არის ადრესირებული ადამიანების მიმართ, ვინც იძენს ბინას. ეს, პრაქტიკულად, ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს,ზრდასრულს, 18 წელს ვინც არის გადაცილებული. ასევე, მექანიზმი ეხება ყველა დეველოპერს, ვისაც უჭირავს ხელში სამშენებლო ნებართვა. მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებენ ის დეველოპერები, რომლებიც ყველაზე დაბალ, ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზებენ თავის ასაშენებელ ფართს სახელმწიფოს.

ეს უნდა იყოს იმ მიზნით, რომ მხოლოდ ფინანსური ხარჯები დაეფაროს, მათ შეძლონ დაფინანსების შეკვრა და არა დეველოპერებისთვის ზემოგების მიღების მიზნით. პირველი კომპონენტი ეხება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი დეველოპერისგან ვისაც სურს, რომ შეიძინოს ბინა, აიღოს საბანკო სესხი და კოვიდის გამო შეექმნა პრობლემები, შეუძლია ამ პროექტით ისარგებლოს“, – განაცხადა თურნავამ.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმიც.

„მაგალითად, სულ მცირე, ბინის ღირებულების 10 პროცენტი უნდა ჰქონდეს განხორციელებული, მაგრამ ამავდროულად, 20 პროცენტამდე მიჰყვება სახელმწიფო, როგორც თანაუზრუნველმყოფი. ეს აძლევს საშულებას, რომ ბანკმა მისცეს სესხი“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სრულად იქნება გარანტირებული, რომ არცერთი დაწყებული მშენებლობა დაუსრულებელი არ დარჩეს.

„ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებენ“, – დასძინა გახარიამ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close