მედიცინაპოლიტიკა

ექიმები ემზადებოდნენ, რომ ჩემი გარდაცვალების შესახებ გამოეცხადებინათ – ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებისას მკაცრი ზომების გატარებას არ აპირებდა და ამბობდა, მოდით, ყველამ ერთად მოვიხადოთ ეს დაავადება და ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრებაო. იგი ბრიტანელებს მისთვის ჩვეული რიტორიკით ურჩევდა, შეგუებოდნენ იმ აზრს, რომ ახლობლებს დროზე ადრე დაკარგავდნენ, თუმცა, ბედის ირონიით, თვითონ აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში – კოვიდ-19-ის გართულების გამო პრემიერი რეანიმაციაში მოათავსეს ლონდონის წმინდა თომას სახელობის საავადმყოფოში. 

უკვე გამოჯანმრთელებული ჯონსონი, რომელსაც ორიოდე დღის წინ მე-5 შვილიც შეეძინა, გამოცემა „სანთან“ ინტერვიუში ახლა ემოციურად იხსენებს საავადმყოფოში გატარებულ კრიტიკულ დღეებს. პრემიერი ამბობს, რომ ექიმები ემზადებოდნენ, მისი გარდაცვალების შესახებ გამოეცხადებინათ, თუ იგი დაავადებას ვერ მოერეოდა.

„სისხლის მაჩვენებლები უარესისკენ იცვლებოდა. …რამდენიმე დღეში ჩემი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. იმედგაცრუებული ვიყავი, ვერ ვიგებდი, რატომ არ უმჯობესდებოდა ჩემი ჯანმრთელობა. მახსოვს, ორშაბათი იყო, როდესაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადამიყვანეს. მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. ექიმები ლიტრობით ჟანგბადს მაძლევდნენ. სამი ღამის შემდეგ, სამედიცინო პერსონალის სასწაულებრივი შრომის შედეგად, სასუნთქი აპარატის გარეშე შევძელი სუნთქვა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

პრემიერის თქმით, მისი გადარჩენა არაჩვეულებრივი ექიმების დამსახურებაა.

„მადლობა არაჩვეულებრივ ექიმებს, რომლებმაც ეს შეძლეს. ვერ აღვწერ, ეს როგორ მოხდა. ძალიან ვღელავ, როდესაც ამაზე ვსაუბრობ“, – ამბობს ჯონსონი, რომელმაც თავისი, როგორც მთავრობის მეთაურის, მოვალეობის შესრულება ორშაბათს, 30 აპრილს განაახლა.

ცნობისათვის: ამ დროისთვის (13:00, 3 მაისი, 2020) დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებულია DARS-CoV-2-ით ინფიცირების 182 260 შემთხვევა (ამ მაჩვენებლით ბრიტანეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ესპანეთის და იტალიის შემდეგ), გარდაიცვალა 28131 ადამიანი (მე-3 პოზიცია აშშ-ის და იტალიის შემდეგ). ბრიტანეთში მოქმედებს შეზღუდვები ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close