მსოფლიოპოლიტიკა

ბორის ჯონსონი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბოლო საათებში პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდეგაც ექიმებმა გადაწყვიტეს, იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატების სიახლოვეს მოეთავსებინათ. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის დახმარება არ სჭირდება.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 55 წლის პრემიერ-მინისტრი წმინდა თომას სახელობის საავადმყოფოში კვირას, 5 აპრილს გადაიყვანეს დაავადების სიმპტომების გაუარესების გამო. მანამდე ბორის ჯონსონი მკურნალობას რეზიდენციაში, იზოლირებულ პირობებში გადიოდა.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ ჯონსონი საავადმყოფოში რჩება „ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, ამავე დროს, მან დეზინფორმაცია უწოდა რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ცნობას, თითქოს ბორის ჯონსონი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის ინფორმაციით, დროებით პრემიერის მოვალეობას, ბორის ჯონსონის თხოვნით, საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი შეასრულებს.

კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რიცხვმა დიდ ბრიტანეთში 5373-ს მიაღწია, გასულ ერთ დღე-ღამეში ვირუსთან დაკავშირებული გართულებების გამო 439 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში SARS-CoV2-ით ინფიცირების 51 608 შემთხვევაა დადასტურებული.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close