საზოგადოებასაქართველო

ცოტნე გამსახურდია თურქეთის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ თურქეთის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს არ მკურნალობენ. ამის შესახებ „2020NEWS“-ს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა.

„რამდენიმე დღეა, რაც ცოტნე გამსახურდია სხვა კლინიკაში გადავიყვანეთ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ კლინიკაში არ უნდა ყოფილიყვნენ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები. ეს იყო ჩვენი მოთხოვნის პირველი პუნქტი. მოგეხსენებათ, ამ ინფექციით თურქეთში 20 ათასამდე ადამიანია უკვე ინფიცირებული. ყველა დიდ კლინიკას, რომელსაც ჩვენ დავუკავშირდით, განყოფილებები ჰქონდათ გამზადებული კორონავირუსიანებისათვის.

ჩვენი მოთხოვნების შემდეგი პუქტი იყო, რომ ინტენსიური რეაბილიტაციის ცეტრი უნდა ჰქონოდათ, იმ კლინიკებსაც კი, რომელსაც ინტენსიური რეაბილიტაციის ცენტრი ჰქონდათ, ამ განყოფილების ექიმები კარანტინის გამო, დათხოვილები ჰყავდათ.

ამ კლინიკაში კორონავირუსიანები არ არიან მოთავსებულები. აქ არის მკაცრი კარანტინი და პაციენტებთან არცერთ მნახველს არ უშვებენ. ამ კლინიკაში კორონავირუსზე გამაკეთებინეს ტესტი და ისე შემომიშვეს კლინიკაში, გარეთ არ მიშვებენ, რადგან არ მოხდეს ინფექციის გადატანა. ეს წესები აქ მკაცრად არის დაცული.

ჯერჯერობით ცოტნე ვერც ლაპარაკობს და ვერც დადის. ნელ-ნელა მივდივართ წინ, რადგან დაზიანება იყო ძალიან დიდი და ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. მეოთხე დღეა რაც ამ კლინიკაში ვართ და თვალსაჩინო შედეგები ჯერ ვერ გვექნება. თუმცა, არავერბალურ კომუნიკაციაზე გამოდის და არავერბალურ დავალებებს ასრულებს. ყველა კიდურს ამოძრავებს და ყლაპავს დამოუკიდებლად“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

კითხვაზე – რა დრო დასჭირდება ცოტნე გამსახურდიას სარეაბილიტაციო პროცესს, ჯაბაური გვპასუხობს:

„ჯერჯერობით ზუსტ დროს ვერ გვეუბნებიან, რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას. მედიცინის წინაშე ასეთი კანონები არ არსებობს. თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ექიმები იმედს გვაძლევენ. რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს პროცესი, ინდივიდუალურია და პაციენტის ორგანიზმს გააჩნია“, – აცხადებს ჯაბაური.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში ინციდენტიდან რამდენიმე დღეში გადაიყვანეს.

p. s. განახლებული ინფორმაციით, ამ დროისთვის (07.04.2020, 01:00 სთ) თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 30 217 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 649 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1326.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close