ეკონომიკასაქართველო

ინოვაციური სენსორული ღილაკები – ქართული სტარტაპის პროექტი კორონავირუსის წინააღმდეგ

კორონავირუსის პანდემიის პრევენციის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებულმა პროექტმა – sensor.ge სენსორული ღილაკების სხვადასხვა მოდიფიკაცია და დამზადება დაიწყო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება ლიფტებში, ბანკომატებსა და სხვა ობიექტებზე არსებული ღილაკების გვერდით, რათა საჭირო აღარ გახდეს ღილაკზე ხელით შეხება.

სენსორული ღილაკის სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-იდან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან, რომელიც მისთვის სასურველ ფუნქციას შეასრულებს.

სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია უკვე დამონტაჟდა თბილისის ტექნოპარკის ლიფტში. კომპანიის წარმომადგენლებს დღეს პირადად შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ღილაკების მუშაობა ადგილზე გამოცადა.

მინისტრის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც სამომავლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვირუსის გავრცელებისგან დაგვიცავს, რადგან შეიზღუდება გარკვეული ტიპის ტექნიკასთან უშუალო, ხელით შეხება, რისი საჭიროებაც აქამდე იყო.

„ქართულმა სტარტაპმა სენსორ.ჯი-მ წარმოგვიდგინა ახალი ინოვაციური სენსორული ღილაკები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, მათ შორის ლიფტებში, ბანკომატებში, ყველგან, სადაც გვიწევდა ღილაკზე ხელის შეხება ყოველდღიური ოპერაციების ჩასატარებლად. ამ იდეის მეშვეობით ეს შეიძლება განხორციელდეს ხელის შეხების გარეშე დისტანციურად, რადგან სენსორები ხელის მოძრაობას გრძნობს და შეხება საჭირო აღარ არის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ სტარტაპს 15 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გამოუყო პირველი საცდელი პარტიის – 1000 ღილაკის გამოსაშვებად.

„მინდა, მადლობა გადავუხადო sensor.ge-ს ამ იდეისთვის. განსაკუთრებით იმისთვის, რომ გამოთქვეს სურვილი, პირველი 200 სენსორული ღილაკი სახელმწიფოს გადასცენ. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს კომპანიის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხო ტექნოლოგიის დანერგვას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close