fbpx
პოლიტიკასაქართველო

5000-მდე მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში – დავით ზალკალიანი

„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს მართლაც შთამბეჭდავი რაოდენობაა“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განაცხადებით, ამ დროისთვის საქართველოს 5000-მდე მოქალაქეა დაბრუნებული სამშობლოში, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მართლაც შთამბეჭდავი რაოდენობაა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მუდმივად იყვნენ ონლაინ რეჟიმში კავშირზე საელჩოებთან და საკონსულოებთან.

„გუშინ რეისი ათენიდან გვქონდა და საქართველოს 130-მდე მოქალაქე დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყო გაცხადებული და ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ 10 მოქალაქე, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი, არ გამოცხადდა ამ რეისზე. ამის გამო მოგვიწია ძალიან სწრაფ რეჟიმში ჩაგვენაცვლებინა ისინი იმ მოქალაქეებით, რომლებიც იდგნენ რიგში. მიუხედავად ამისა, 3 ადგილი მაინც ცარიელი იყო“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მან სიცრუე უწოდა ინფორმაციას, თითქოს ბილეთები ე. წ. შავ ბაზარზე უფრო მაღალ ფასად იყიდებოდეს.

„კიდევ ერთ ძალიან დიდ სიცრუესთან და მავნებლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც მსგავსი სახის სიცრუის ტირაჟირება ხდება, მედია იქნება ეს, სოციალური მედია თუ სხვა საშუალებებით. ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია და ვისაც ერთხელ მაინც შეუძენია ავიაბილეთი, მან ძალიან კარგად იცის, რომ გადაყიდვა სხვა ფასში ან ერთი პირის შეცვლა მეორეთი წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ყველა ბილეთს აქვს თავისი სახელი, გვარი და ეს ძალიან მკაცრად კონტროლდება შესაბამისი ავიაკომპანიის მხრიდან და დაუშვებელია, რომ ერთი პირიდან მეორეზე მოხდეს ბილეთის გადაყიდვა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან ასევე დაანონსა, რომ 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

„ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს 5000 მოქალაქემდე არის დაბრუნებული, არა მხოლოდ საჰაერო სივრცით, არამედ ხმელეთით, საზღვაო საშუალებებით. მე მოგახსენეთ, რომ ასევე მოქმედებს ბორანი, რომელსაც უკრაინიდან მოჰყავს ჩვენი მოქალაქეები. ასევე, ავტობუსებით, ტრანსპორტით, სახმელეთო გზით. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ვფიქრობ, ეს მართლაც ძალიან შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი რაოდენობაა. ჩვენზე გაცილებით დიდი, ძლიერი, სისტემური ქვეყნები ამაყობენ რომ 10 და 15 ათასი მოქალაქე ჰყავთ დაბრუნებული სამშობლოში. მინდა, საზოგადოებამ განსაჯოს, თუ რა რთულ პირობებში მოახერხა ეს ჩვენმა ქვეყანამ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომავალშიც კვლავ გავაგრძელებთ ეტაპობრივად მათ დაბრუნებას სამშობლოში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ჩამოთვალა ქვეყნები და საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებსაც საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა დახმარება გაუწიეს.

„მინდა, საზოგადოებამ იცოდეს თითოეული ჩვენი საელჩოსა და ქვეყნის მიხედვით მოქალაქეების რაოდენობა, რა რაოდენობის მოქალაქეს გაეწია დახმარება ადგილზე. თვალსაჩინოებისთვის გეტყვით: ავსტრიის რესპუბლიკაში თავშესაფრის გარეშე დარჩენილი საქართველოს 24 მოქალაქე, საელჩომ უზრუნველყო საცხოვრებლითა და საკვებით. ბელარუსის რესპუბლიკაში ტექნიკური და მატერიალური ხასიათის დახმარება გაეწია 17 მოქალაქეს. ბულგარეთის რესპუბლიკაში მატერიალური ტექნიკური სახის დახმარება გაეწია, საერთო ჯამში, საქართველოს 217 მოქალაქეს. ამავე დროს, ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ ბულგარეთიდან ავტობუსით, მაშინ, როდესაც მესამე ქვეყნებს დაკეტილი ჰქონდათ საზღვრები და ჩემი პირადი ჩარევით და უშუალო კომუნიკაციით მეზობელი ქვეყნის საგარეო მინისტრებთან, მოხერხდა ამ ადამიანების სამშობლოში დაბრუნება ავტობუსებით. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საერთო ჯამში, მატერიალურ-ტექნიკური სახის დახმარება გაეწია საქართველოს 303 მოქალაქეს. ამას ემატება ასევე მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოში მატერიალური და ტექნიკური სახის დახმარება საქართველოს 30 მოქალაქეზე. საბერძნეთის რესპუბლიკაში, საერთო ჯამში, მატერიალური ტექნიკური სახის დახმარება გაეწია საქართველოს 181 მოქალაქეს. დამატებით ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ მატერიალური და ტექნიკური სახის დახმარება გაეწია 25 მოქალაქეს. ესპანეთის სამეფოში მთლიანობაში 54 მოქალაქეს, აქედან 14 იყო ტექნიკური სახის დახმარება მადრიდში, 40 მოქალაქეს – ბარსელონაში. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ჩვენ დახმარება გავუწიეთ საქართველოს 13 მოქალაქეს და ამავე დროს, 12 სტუდენტი დავაბრუნეთ, რომლებიც აღმოჩნდნენ რეისების გაუქმების გამო ეგვიპტეში. ასევე, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს 18 მოქალაქეს. იტალიის რესპუბლიკაში, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის, საელჩომ ჯამში მატერიალურ ტექნიკური სახის დახმარება, მათ შორის, საკვებით უზრუნველყოფა გაუწია, საქართველოს 440 მოქალაქეს. ლიეტუვის რესპუბლიკაში 15 მოქალაქეს. მალაიზიაში საქართველოს საელჩომ ეპიდემიის დაწყების პირველი დღიდანვე ხუთ მოქალაქეს გაუწია დახმარება და მოვახერხეთ მათი სხვადასხვა საშუალებით გამოყვანა. ასევე, ტრაბზონში საქართველოდ გენერალურ საკონსულოში მატერიალურ-ტექნიკური სახის დახმარება გაეწია 183 მოქალაქეს. მინდა, ასევე განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი საელჩოს საქმიანობა ანკარაში და საკონულოსი სტამბოლში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში, გარდა იმისა, რომ ისინი მუდმივად დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს და ავტობუსებით ხდება მათი თანმიმდევრული დაბრუნება სამშობლოში, საელჩო არის აქტიურად ჩართული ჩვენს თურქ პარტნიორებთან სხვადასხვა მატერიალური სახის და სამედიცინო აღჭურვილობის დახმარების კუთხით, რათა იქნას მობილიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის. ოდესაში საქართველოს საკონსულოს საქმიანობით 10 მოქალაქეს გაეწია დახმარება და 44 მოქალაქე ბორნით იქნა გამოყვანილი და დაბრუნებული საქართველოში. ჩეხეთის რესპუბლიკაში 47 მოქალაქეს, შვეიცარიის კონფედერაციაში 19 მოქალაქეს, ყაზახეთის რესპუბლიკაში სამ მოქალაქეს, უნგრეთში საკონსულომ დახმარება აღმოუჩინა ექვს მოქალაქეს. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საერთო ჯამში ტექნიკური და მატერიალური სახის დახმარება გაუწია საქართველოს 244 მოქალაქეს. სლოვენიის რესპუბლიკაში, სადაც პრობლემები შექმნათ ავტომობილებით ჩვენს მოქალაქეებს, შვიდი მოქალაქე იქნა გამოყვანილი სლოვენიიდან. საფრანგეთის რესპუბლიკაში 64 მოქალაქეს აღმოვუჩინეთ შესაბამისი დახმარება. ასევე, ნიდერლანდების სამეფოში 45 მოქალაქეს, პოლონეთის რესპუბლიკაში, საერთო ჯამში, ტექნიკური სახის დახმარება 285 მოქალაქეს, 440 მოქალაქე „ლოტის“ რეისით იქნა დაბრუნებული. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ კიდევ ვგეგმავთ ვარშავიდან სპეცრეისის განხორციელებას და ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას. მექსიკის შეერთებულ შტატებში ექვს მოქალაქეს, კატარში ექვს მოქალაქეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მთლიანობაში დახმარება აღმოვუჩინეთ 30-მდე მოქალაქეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, დაბრუნების მსურველ მოქალაქეთა რაოდენობა არის ძალიან დიდი, მაგრამ რეისები ინიშნება არსებული რესურსის ფარგლებში და იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რა კრიტერიუმები და პროცედურებიც აქვს დაწესებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და ინფრასტრუქტურა შეხვდეს მომზადებული საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ, ეტაპობრივ დაბრუნებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2425 მოქალაქეს დაეხმარა საცხოვრებლით, საკვებით, ტრანსპორტით, მედიკამენტებით. მისივე განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მაშინ როცა საელჩოები და საკონსულოები საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ.

„სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა ყველა იმ ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში, სადაც პანდემიის დინამიკა არის მზარდი. ჩვენს დიპლომატებს ამ სიტუაციაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ საქმიანობის განხორციელება და ამას ახორციელებენ ძალიან ღირსეულად. მიუხედავად ბევრი შეურაცხყოფისა, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა, ისინი აგრძელებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას იმ არსებული რესურსის ფარგლებში, რა რესურსიც საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია, რა რესურსიც არის გამოყოფილი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით და იმ მექანიზმების ამოქმედებით, რომელიც ჩვენ გვაქვს საპატიო კონსულების სახით, ასევე, სხვადასხვა კერძო კომპანიისა და კერძო პირების დახმარების საშუალებით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close