fbpx
პოლიტიკასაქართველო

მაია ცქიტიშვილი: საყოველთაო კარანტინის პირობებში იმოქმედებს ტრანსპორტის გადაადგილების ორი რეჟიმი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, საყოველთაო კარანტინის პირობებში საქართველოში ტრანსპორტის გადაადგილების ორი რეჟიმი იმოქმედებს. პირველი რეჟიმი 8-იდან 21 საათამდე პერიოდს მოიცავს და გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას.

მინისტრის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში ნებადართულია პირადი ავტომობილებით გადაადგილება და იმუშავებს ტაქსები. დღის ამ მონაკვეთში ასევე ნებადართულია სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება იმ ობიექტების თანამშრომლების ორგანიზებულად გადაყვანას, რომლებიც საქმიანობას განაგრძობენ კომენდანტის საათის დაწესების შემდეგაც.

რაც შეეხება ტრანსპორტის მოძრაობის მეორე რეჟიმს, ის მოიცავს 21 საათიდან დილის 6 საათამდე პერიოდს. მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში იმოძრავებს მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც სპეციალური საშვები ექნებათ.

საყოველთაო კარანტინი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 31 მარტის დილის 8 საათიდან ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი სიტყვებით, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე აეკრძალებათ.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული აქვს 103 მოქალაქეს, გამოჯანმრთელებულია 20. ინფიცირებულთა შორის იყო ავსტრიის 2 მოქალაქე, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს. შესაბამისად, ამ დროისათვის საქართველოს კლინიკებში 81 პაციენტი მკურნალობს.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close