fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში ხვალიდან, 31 მარტიდან საღამოს ცხრიდან დილის ექვს საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს

თბილისში მეტრო და ავტობუსებიც ჩერდება

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ, 31 მარტს დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 31 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე (21 აპრილი) თბილისში მეტრო და ავტობუსებიც აღარ იმოძრავებს.

პრემიერის თქმით, საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

„საგანგებო მდგომარეობის ვადით, ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი

სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის.

დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში ხვალიდან, დილის 08:00 საათიდან სამზე მეტი პირის თავშეყრაც იკრძალება. აღნიშნული აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, თუმცა აქ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის დისტანცია.

ამასთან, გახარიას განმარტებით, აკრძალულია 70 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე შეეძლებათ დარეკონ მთავრობის ცხელ ხაზზე – 144. ზარი უფასოა.

პრემიერის თქმით, დაწესებული შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით, ქვეყანაში 21 მარტიდან ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 23 მარტს კი მარნეული და ბოლნისი „წითელ ზონად“ გამოცხადდა.

საქართველოში ამ დროისთვის ​კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 20 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 5114, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 პირი.

მანანა ბანძელაძე

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close