fbpx
ქართველები უცხოეთში

ქართველი სტუდენტი, რომელიც საბერძნეთში სწავლობს, საქართველოს საელჩოს დახმარებისთვის მადლობას უხდის

ქართველი სტუდენტი გიორგი გეგუჩაძე, რომელიც საბერძნეთში სწავლობს, საქართველოს საელჩოს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

როგორც გიორგი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს, 22 მარტს მან საელჩოს მიმართა და სთხოვა, საქართველოში დაბრუნებაში დახმარებოდნენ.

„ეს ის მომენტია, როცა სიტყვები ვერ გამოხატავს სათქმელს. ყველას მოგეხსენებათ კორონავირუსთან  დაკავშირებით, თუ რა კრიზისული სიტუაცია შეიქმნა მსოფლიოში. თავს უფლებას ვერ მივცემ, არ ვთქვა ის, რაც პირადად მე შემექმნა. იცით, ვსწავლობ ათენის უნივერსიტეტში. შექმნილი მდგომარეობის გამო კვირას, 22 მარტს შევეხმიანე საქართველოს საელჩოს ათენში და ვთხოვე, რომ დამხმარებოდნენ საქართველოში დაბრუნებაში. ცხადია, მითხრეს, რომ აუცილებლად გამითვალისწინებდნენ და ყველანაირად შეეცდებოდნენ ჩემს დახმარებას, მანამ კი, ვიდრე ათენში ვიქნებოდი, საელჩო მოგვაქცევდა ყურადღებას.

ნამდვილად, მოლოდინი არ მქონდა, გუშინ დილაუთენია მირეკავს ქალბატონი კონსტანტინა დოლიძე (საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთში – რედ.) და გუშინვე დანიშნული სპეცრეისით ათენი-თბილისი-ათენი, მე და ჩემთან ერთად რამდენიმე სტუდენტს მოგვეცა საშუალება საქართველოში დაბრუნების.

თავისთავად ცხადია, მოგეხსენებათ როგორია სტუდენტის ეკონომიკური მდგომარეობა, მით უმეტეს, საზღვარგარეთ, პრობლემა მქონდა სამგზავრო თანხასთან დაკავშირებითაც, მაგრამ საელჩომ ეს პრობლემაც მოაგვარა. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ახალგაზრდა ელჩს ათენში, ქალბატონ კონსტანტინასა და ვიცე-კონსულს, ბატონ კარლოს. მათი ხელშეწყობით ჩვენ დღეს საქართველოში ვართ და კაჭრეთის ამბასადორში გავივლით ორკვირიან საკარანტინო პერიოდს, თუ რა პირობებია აქ, მგონი სიტყვები ზედმეტია. ბრწყინვალე და იდეალური გარემო.

კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. როდესაც ჩაივლის კორონა, ჩაწყნარდება და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება სამყარო, ჩვენ შევხვდებით ათენში და უკვე ახლოდან შემეძლება, პირადად გითხრათ, რომ თქვენ ყველაზე მაგარი ადამიანები ხართ“, – წერს ქართველი სტუდენტი.

ცოტა ხნის წინ კი გიორგიმ ფეისბუქში დაწერა:

დილაუთენია რომ დაუგეგმავად ადგები, ნახევრად მძინარე ბარგს ჩაალაგებ და შენი ქვეყნისკენ გამოფრინდები, მერე აეროპორტიდან ავტობუსით ივლი და კაჭრეთის ამბასადორში ამოყოფ თავს… ერთი სული რომ გაქვს, სადმე დაეგდო, დაიძინო და ამ დროს ოთახში შესულს საწოლზე ეს წერილი დაგხვდება სასტუმროს თანამშრომლებისგან, იქ ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ ერთი რამ ტრიალებს გონებაში,რომ საკუთარ სამშობლოში სხვანაერი სიყვარული იციან 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close