fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

გადაადგილების შეზღუდვა საბერძნეთში: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

რა წესები უნდა დავიცვათ 23 მარტის დილის 6 საათიდან, რათა თავიდან ავიცილოთ სანქციები

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას იმ წესების შესახებ, რომლებიც უნდა დავიცვათ 23 მარტის დილის 6 საათიდან, რათა თავიდან ავიცილოთ სანქციები სახლიდან გასვლის შემთხვევაში. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განპირობებულია სხვა ქვეყნების მწარე გამოცდილებით, როდესაც კორონავირუსის გავრცელებამ ფართო მასშტაბებს მიაღწია და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია, რადგან მოქალაქეები არ იცავდნენ ნებაყოფლობითი თვითიზოლაციის წესებს.

გადაადგილების შეზღუდვა ძალაშია 23 მარტის დილის 6 საათიდან 6 აპრილის დილის 6 საათამდე. შეზღუდვები მოქმედებს საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე, გამონაკლისის გარეშე. შეზღუდვები არ ეხებათ პოლიციელებს, სამხედროებს და ექიმებს. ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეეძლებათ გადაადგილება გამონაკლის შემთხვევებში. ასეთებია:

  1. გადაადგილება სამსახურისკენ ან სამსახურიდან სახლის მიმართულებით სამუშაო საათებში;
  2. გადაადგილება აფთიაქში წამლის შესაძენად ან ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში;
  3. სუპერმარკეტში ან მინიმარკეტში პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად გადაადგილება;
  4. ბანკში წასვლა, თუკი შეუძლებელია საბანკო ოპერაციის განხორციელება ელექტრონულად;
  5. გადაადგილება, თუკი დახმარებას უწევთ ადამიანებს, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ;
  6. გადაადგილება სარიტუალო ღონისძიებაზე დასწრების მიზნით (ქორწილი, ნათლობა, ქელეხი) კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით;
  7. გადაადგილება ფიზიკური ვარჯიშის ან შინაური ცხოველის გასეირნების მიზნით. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია 2 ადამიანის ერთდროული გადაადგილება იმ პირობით, რომ დაცული იქნება სატანადო დისტანცია – 1.5 მეტრი;
  8. გადაადგილება სახლში დაბრუნების მიზნით (თუკი შეზღუდვის შემოღებამდე სხვაგან იმყოფებოდით).

წესების დაცვას უზრუნველყოფს პოლიცია, რომელიც დარღვევის ყოველი ფაქტის გამოვლენისას გამოწერს ჯარიმას 150 ევროს ოდენობით. გადაადგილების დროს თან უნდა გქონდეთ შესაბამისი ნებართვა (ვევეოსი). სამსახურში გადაადგილებისას გაიცემა A ტიპის ვევეოსი, რომელსაც დასაქმებული ერთჯერადად იღებს დამსაქმებლისგან და მუდმივად თან ატარებს. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს მფლობელის სახელი და გვარი, საცხოვრებელი მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი და მუშაობის საათები. დანარჩენ შემთხვევებში მოქალაქე, სახლიდან გამოსვლის წინ, ყოველ ჯერზე ავსებს B ტიპის ვევეოსს, სადაც აღნიშნული იქნება მისი სახელი და გვარი, საცხოვრებელი მისამართი, გადაადგილების მიზანი და იმ ობიექტის მისამართი, სადაც მიდის. ზემოაღნიშნული ვევეოსები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და შეავსოთ საიტიდან: forma.gov.gr

თუკი შეუძლებელია საიტიდან ვევეოსის გადმოწერა, შეგიძლიათ თან იქონიოთ ხელნაწერი ვევეოსი, რომელსაც თავად შეავსებთ. ასეთ შემთხვევაში სუფთა ფურცელზე წერთ თქვენს სახელსა და გვარს, საცხოვრებლის მისამართს, გადაადგილების მიზანს, დროს და მიმართულებას. დოკუმენტი უნდა იყოს ხელმწერილი.

არსებობს გადაადგილების ნებართვის მიღების ალტერნატიული საშუალებაც.:შეგიძლიათ თქვენი მობილურიდან გაგზავნოთ უფასო მესიჯი ნომერზე 13033. მესიჯში უნდა ჩაწეროთ იგივე პირადი მონაცემები, რომლებიც ზემოთ აღვწერეთ და უნდა მიუთითო ციფრი 1-იდან 6-მდე. ყოველი ციფრი აღნიშნავს გადაადგილების ერთ კონკრეტულ მიზეზს:

1 – გადაადგილება აფთიაქში; ექიმთან; 2 – გადაადგილება საკვები პროდუქტების შეძენის მიზნით; 3 – გადაადგილება ბანკში მისვლის მიზნით; 4 – გადაადგილება ადამიანის დახმარების მიზნით; 5 – გადაადგილება სარიტუალო ღონისძიებაზე დასწრების მიზნით; 6 – გადაადგილება ვარჯიშის ან შინაური ცხოველის გასეირნების მიზნით.

შეტყობინების გაგზავნის შემდეგ მიიღებთ პასუხს. აღნიშნულ მიმოწერას აჩვენებთ უფლებამოსილ პირს შემოწმების შემთხვევაში. თან უნდა იქონიოთ პასპორტი. გამონაკლისი იქნება შეზღუდვების პირველი დღე, 23 მარტი მათთვის, ვინც დილით წავა სამსახურში. მათ თან უნდა იქონიონ განაცხადი – იპეფთინი დილოსი, რომელსაც სამსახურში წასვლის წინ ხელით შეავსებენ. სახლში დაბრუნებისას ასეთი კატეგორიის დასაქმებულებმა აუცილებლად უნდა იქონიონ თან სამსახურის ცნობა.

გიორგი ჯანელიძე

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close