fbpx
ვიდეოსაზოგადოება

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად ცხადდება, რაც გამოწვეულია კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევის დაფიქსირებით.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, აიკრძალა ყველა სახის შესვლა და გამოსვლა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

ეს რადიკალური გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულ პირს 90-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და მისი დაინფიცირება სარიტუალო ღონისძიებაზე, დედის წლისთავზე მოხდა.

„ეს არის ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ველოდით და პერიოდულად ვიძახდით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მარნეულში დაფიქსირებულ ახალ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ინფიცირების წყარო უცნობია და, შესაბამისად, ეს არის შიდა გავრცელება.

ქალს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება, თუმცა კონტაქტი ჰქონდა დასთან, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაინფიცირებული ქალი მაღაზიაში მუშაობდა.

„იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში 22 მარტის გვიან ღამით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა ყველა მინისტრი და, ასევე, თბილისის მერი კახა კალაძე.

პრემიერის თქმით, ხვალიდან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები კარდაკარ ივლიან იმისათვის, რომ გამოავლინონ საეჭვო შემთხვევები.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

გახარიას თქმით, მარნეულში საველე ჰოსპიტალი განთავსდება.

„კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ქალბატონი მოთავსებული იყო ამ კლინიკაში. კლინიკა დღეის მდგომარეობით არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე ასევე უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი, ხოლო მეორე კლინიკა, „ავერსის“ კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება.

რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ყველას კარგად გვესმის, ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ძირითადი მიზეზი და მიზანი გახლავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა.

ეს არის ამ საკმაოდ მძიმე და მკაცრი ნაბიჯების ძირითადი მიზანი. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯების შედეგი და ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც მთავრობა გაატარებს, არამედ ჩვენ მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებაზე, მათ სამოქალაქო თვითშეგნებაზე, ისევე როგორც იმ სამოქალაქო სექტორის თვითშეგნებაზე, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებში და ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავად მარნეულის მკვიდრი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, „სიცოცხლესთან შეუთავსებელი“ დაგვიანების და თანმხლები პათოლოგიების გამო. 62 წლის ქალი ფილტვების ორმხრივი ანთებით მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ 4 დღის წინ მოათავსეს. დღეს დღის მეორე ნახევარში იგი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ის ყველაზე მძიმე პაციენტია კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის საქართველოში.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგანი სამი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 22 მარტს უარყოფითი შედეგი აჩვენა კიდევ ხუთი ადამიანის ტესტმა და, სავარაუდოდ, მალე (შესაძლოა ხვალ) ისინიც დატოვებენ კლინიკას და გამოჯანმრთელებულებს შეემატებიან.

ამ დროისთვის სტაციონარში 233 ადამიანი რჩება, კარანტინის რეჟიმში – 3254.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close