იტალიასაზოგადოება

იტალიაში ინფიცირების შემთხვევების კლების და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდის დინამიკა შეიმჩნევა

გასულ 24 საათში იტალიაში ლეტალურ შემთხვევათა რიცხვი შაბათის მონაცემთან შედარებით შემცირდა, თუმცა მაინც მაღალი რჩება – 651 გარდაცვლილი, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რაოდენობა 5476-მდე გაიზარდა; გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 7024-ს აღწევს, რაც 952-ით მეტია, ვიდრე გუშინ. ასეთი სტატისტიკა გააცნო საზოგადოებას კომისარმა ანჯელო ბორელიმ დღეს საღამოს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.

ამ მომენტისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 46 638 ადამიანი, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ერთ დღე-ღამეში 3957-ით გაიზარდა (შაბათს ეს მაჩვენებელი 4871 იყო, პარასკევს – 5986 ანუ კლების ტენდენცია აშკარაა). მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვმა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 59 138-ს მიაღწია.

3009 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული – 142-ით მეტი, ვიდრე გუშინ (აქაც კლების ტენდენცია შეინიშნება), აქედან 1142 – ლომბარდიის საავადმყოფოებში.

ლომბარდიაში, კორონავირუსის აფეთქებისგან ყველაზე დაზარალებულ რეგიონში, ახალი ტიპის ინფექციისგან საშუალოდ დღეში 360 ადამიანი იღუპება. დღეისათვის რეგიონში კორონავირუსისგან 3450 ადამიანია გარდაცვლილი, უმეტესად, ხანდაზმული ასაკის პაციენტები თანდართული ქრონიკული პათოლოგიებით. ინფიცირების შემთხვევები რეგიონში, ადმინისტრაციული ცენტრის – მილანის ჩათვლით, გასულ ერთ დღე-ღამეში 2590-ით გაიზარდა და დაავადებული ადამიანების რაოდენობა ამ დროისთვის 28 370-ს შეადგენს.

გუშინ იტალიის მთავრობამ ახალი ზომები მიიღო ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ – პრაქტიკულად, შეჩერდა ყველანაირი წარმოება და ყოველგვარი ბიზნესაქტივობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და სტრატეგიული დარგების გარდა. „ეს მძიმე, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა კონტემ.

დღეს მე-13 დღე იწურება, რაც იტალიის მთელი ტერიტორია „წითელ ზონად“ გამოცხადდა ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close