იტალიაპოლიტიკა

ჯუზეპე კონტე: „ჩვენ ვანელებთ წარმოებას… ეს მძიმე, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებაა“ (ვიდეო)

იტალიამ უკვე გასულ ხუთშაბათს გაუსწრო ჩინეთს კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით, გუშინ საღამოს მონაცემებით კი ამ მაჩვენებელმა წარმოუდგენელ რიცხვს – 4872-ს მიაღწია, მათგან 3095 შემთხვევა ლომბარდიაზე მოდის.

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებულთა შორის 8% მედიკოსია. ლომბარდიაში 20 მარტისთვის 13 ექიმის გარდაცვალების შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ მდგომარეობა ევროპის სხვა ქვეყნებში (ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია…), ზოგადად, მთელ მსოფლიოში მძიმეა, მაინც მსოფლიოს ყურადღება ამ საოცარი, ყველასთვის საყვარელი და ამჟამად ასე რთულ, შეიძლება ითქვას, კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისკენ არის მიპყრობილი.

გუშინ, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი შემზღუდავი ზომები იქნა შემოღებული – ქვეყანაში 3 აპრილამდე გაჩერდა წარმოება ნაციონალური სტრატეგიული წარმოებების გარდა, იმუშავებს წარმოების ის რგოლები, რომლებიც მოსახლეობის აუცილებელი მოხმარების პროდუქციით მომარაგებას უკავშირდება. გაჩერდა მშენებლობები (საავადმყოფოების მშენებლობის გარდა), დაიკეტა ღია ბაზრობები, პარკები, ბაღები…

„ჩვენ ვანელებთ წარმოებას ქვეყანაში, მაგრამ არ ვაჩერებთ მას, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კონტემ გუშინ საღამოს გაკეთებულ ვიდეომიმართვაში ფეისბუქზე – … ეს მძიმე, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებაა. სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს, ჩვენ ერთად დავძლევთ ამას“. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში იტალია უპრეცედენტო უმძიმესი სიტუაციის წინაშე დგას.

პრემიერ-მინისტრმა იმაზეც ისაუბრა, რომ პროდუქტით სუპერმარკეტების მომარაგება, აფთიაქების მუშაობა და სხვა აუცილებელი მომსახურებები ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება და მოუწოდა მოქალაქეებს, ნუ შექმნიან რიგებს.

კომისარ ანჯელო ბორელის განცხადებით, ბოლო დღეების სტატისტიკის თანახმად, ერთადერთი ნათელი წერტილია ის, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება – გუშინ 943 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მთლიანობაში მაჩვენებელმა 6072-ს მიაღწია. მისი თქმით, ვირუსი ფართოდ ვრცელდება მთელ ქვეყანაში, მაგრამ სამხრეთში შედარებით უკეთესი სიტუაციაა, ლომბარდია კი ძალიან მძიმე დღეშია. ვაქცინის იმედად რომ ვიყოთ, წლის ბოლომდე მოგვიწევს ცდა, ამიტომ ეს ყოველდღიური ბრძოლაა, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა გააგრძელოს: მთავარი წესია სახლში დარჩენა, – თქვა მან, – მაგრამ გუშინ ლომბარდიაში წესების დარღვევის 10 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, რაც შეზღუდვების შემოღებიდან ყველაზე დიდი რიცხვია. მისივე ინფორმაციით, მილანის პროკურატურა ამ შემთხვევებზე კანონის შესაბამისად რეაგირებს, რომელიც 6 თვემდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მოწოდებას მოხალისე მედიკოსებისგან მიზნობრივი ჯგუფის შესაქმნელად, ბორელის თქმით, 8000 გამოხმაურება შემოვიდა. კომისარმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მოწოდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეიქმნება 300 მედიკოსისგან შემდგარი მიზნობრივი ჯგუფი და მობილური ბრიგადები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ რაიონებში გაიგზავნება.

ვიდეო: კორონავირუსი იტალიაში – საავადმყოფოები და კრემატორიუმები უკიდურესი დატვირთვით მუშაობენ

„ანსას“ ინფორმაციით, კიდევ 12 მილიონი ნიღაბი ჩავა იტალიაში ჩინეთიდან მომავალ კვირაში, მთლიანობაში კი 100 და 50 მილიონი ნიღბის მოწოდება იგეგმება სხვადასხვა კერძო ორგანიზაციისგან.

დღეს იტალიაში ჩავიდა რუს სპეცილისტთა 8 მობილური ბრიგადა კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად. ამ საკითხზე გუშინ პრემიერ-მინისტრმა კონტემ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ვირუსოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის დარგში მოწინავე სამხედრო სპეციალისტების და ექიმების  8 მობილურ ბრიგადასთან ერთად იტალიაში, პრატიკა დი მარეს სამხედრო აეროპორტში ჩაფრინდა. თვითმფრინავებით, აგრეთვე, ჩაიტანეს საავტომობილო კომპლექსები ტრანსპორტისა და ტერიტორიის აეროზოლური დეზინფექციისთვის და სამედიცინო მოწყობილობები. როგორც რუსული მედია აღნიშნავს, ამ სპეციალისტებს დიდი გამოცდილება აქვთ სხვადასხვა ვირუსულ დაავადებასთან ბრძოლაში.

ნიკო აბაშიშვილი

p. s. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით არსებულ მდგომარეობას: ინფიცირების შემთხვევებმა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუკის თანახმად, ამ დროისთვის 312 ათასს მიაღწია, გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობამ – 13407-ს, გამოჯანმრთელდა  93 790 ადამიანი. ჩინეთში ინფექციამ უკან დაიხია – უკვე 3 დღეა ზედიზედ, ქვეყნის მასშტაბით არ დაფიქსირებულა არც ინფექციის შიდა გადაცემის და არც გარდაცვალების შემთხვევები, ახალი ინფიცირებულები უცხო ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეები არიან (ჩინეთი უცხო ქვეყნებიდან ჩასულ ყველა მოქალაქეს ამოწმებს და 2-კვირიან სავალდებულო კარანტინში ათავსებს).

იტალიის შემდეგ ყველაზე მეტი ინფიცირებულია ესპანეთში – 28572, გარდაცვლილია 1720 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2125; შემდეგ მოდის აშშ – 26 747, გარდაიცვალა 340, გამოჯანმრთელდა 176; გერმანია – 23 129, გარდაიცვალა 93, გამოჯანმრთელდა 239 (სპეციალისტები გერმანიის სიტუაციას „ანომალიურს“ უწოდებენ, რადგან პროცენტულად სიკვდილიანობა ძალიან დაბალია – სეზონური გრიპზე 2,5-ჯერ ნაკლები – 0,4%); ირანი – 20 610 ინფიცირებული, 1556 გარდაცვლილი; საფრანგეთი – 14 485 ინფიცირებული, 562 გარდაცვლილი…

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close