fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა, დასახელდა ლეტალობის მთავარი რისკები

კონტე: შეზღუდვები გაგრძელდება და გაფართოვდება

იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ  დღეს, 20 მარტს 4032-ს მიაღწია – გასულ ერთ დღე-ღამეში 627 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა ეპიდემიის დაწყებიდან. გუშინ ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობა 427 იყო. ასეთი მონაცემები გაასაჯაროვა დღეს სამოქალაქო დაცვის პრესკონფერენციაზე საგანგებო სიტუაციების კომისარმა ანჯელო ბორელიმ. ამის შესახებ Ansa წერს. 

გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 5129-მდე გაიზარდა (+ 689 გასულ 24 საათში). ინფიცირების 5986 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ამჟამად იტალიაში covid-19-ით დაავადებული 37 860 პაციენტია, ინფიცირების მთლიანმა რაოდენობამ კი, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 47021-ს მიაღწია.

ბორელის თქმით, დღემდე მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო, რომელიც მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ამჟამად ინფიცირების ახალი შემთხვევები შეზღუდვების მიღებამდე ვირუსის გავრცელების შედეგია. მისი თქმით, ახალი ზომები, რომლებსაც მთავრობა მიიღებს, საშუალებას მისცემს იტალიას, ეპიდემია შეაჩეროს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეზღუდვების ზომები ზაფხულამდე გაგრძელდება, თუმცა ბორელის ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ კარანტინი, რომელიც ქვეყანაში 10 მარტიდან მოქმედებს და რომლის სავარაუდო ვადა 3 აპრილამდე იყო დასახელებული, გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება. პრემიერის თქმით, როდესაც ეპიდემიის მძიმე დღეები გადაივლის, ყველაფრის ერთიანად გახსნა და ერთბაშად ჩვეული ცხოვრების წესთან დაბრუნება შეუძლებელი იქნება, ამიტომ ახლა შეზღუდვების ზომები მხოლოდ შეიძლება „გაგრძელდეს და გაფართოვდეს“.

ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტი ატილიო ფონტანა დაბეჯითებით სთხოვს პრემიერ-მინისტრს, ზომები გაამკაცროს, რადგან „გარშემო მეტისმეტად ბევრი ხალხია“. საკმაოდ ბევრი იტალიელი არ ემორჩილება მიღებულ აკრძალვებს და შეზღუდვებს. იტალიის შს სამინისტროს მონაცემებით, გუშინ 8000 საჩივარი შევიდა მოქალაქეთა მხრიდან დარღვევების ფაქტზე, ხოლო 43  ათასი კი – კვირის განმავლობაში.

ერთი თვე გავიდა იმ დღიდან (20 თებერვალი, 2020 წ.), როდესაც 38 წლის მამაკაცს კოდონიოში კორონავირუსი დაუდგინდა. იგი რამდენიმე დღით ადრე იყო საავადმყოფოში, თუმცა მაშინ ექიმმა საეჭვო ვერაფერი შენიშნა და სახლში გაუშვა. 20 თებერვალს კი პაციენტს კორონავირუსი დაუდგინეს. ამ დროისთვის მამაკაცი რეანიმაციიდან უკვე ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს, იგი თავს კარგად გრძნობს, პრაქტიკულად, გამოჯანმრთელდა, თუმცა ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება. მისი 8 თვის ფეხმძიმე მეუღლე, რომელსაც აგრეთვე კორონავირუსი დაუდგინდა, უკვე 2 კვირაა, სახლში გაწერეს – ქალს კლინიკური ნიშნები თითქმის არ გამოვლენია.

იმ დღიდან, როცა კოდონიოში პირველი პაციენტი დაფიქსირდა, ლომბარდიაში ყველაფერი ამოყირავდა. მეორე დღესვე კოდონიოს მუნიციპალიტეტმა, კასტილიონე დ’ადამ და კაზაპუსტერლენგომ პირველი ნაბიჯი გადადგეს: დაიკეტა სკოლები, ბარები და რესტორნები, თუმცა ეს ზომები უსუსური აღმოჩნდა ვირუსთან საბრძოლველად, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე მძვინვარებდა უხილავად, და ინფიცირებულთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა.

ლობარდიაში სიტუაცია კვლავ ყველაზე მძიმე რჩება: დაიღუპა 2549 ადამიანი (319 – გასულ ერთ დღე-ღამეში) და 22 264 დაინფიცირდა.

რაც შეეხება გარდაცვლილთა ასაკობრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემებს:

სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის გერიატრიის სპეციალისტის, რობერტო ბერნაბეის თქმით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა მხოლოდ 0,8%-ს არ ჰქონია არანაირი პათოლოგია, 25%-ს ჰქონდა ერთი დაავადება, 25%-ს – ორი და 48%-ს – სამი. მხოლოდ 10% იყო 60 წელზე ახალგაზრდა. ასეთია ISS-ის (იტალიის ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტი) კვლევის შედეგი კორონავირუსის პირველი 355 მსხვერპლის მონაცემებზე დაყრდნობით. ბერნაბეის თქმით, აქედან შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ რისკის რეალური ფაქტორი – ეს არის ხანდაზმული ასაკი და თანმხლები პათოლოგიები: ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება, უწინარეს ყოვლისა კი, დიაბეტი – რომლებიც ვირუსის ზემოქმედებით მწვავდება. ეს განაპირობებს ლეტალური შემთხვევების სიმრავლეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იტალიაში არსებული სიტუაცია ახსნეს იმით, რომ ხელისუფლებამ დროულად ვერ ამოიცნო ეპიდემიის საშიშროება, რის გამოც მოქალაქეები ჩვეულებრივი ცხოვრების წესით აგრძელებდნენ ცხოვრებას.

ნიკო აბაშიშვილი

p. s. იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტები თვე-ნახევარზე მეტი ხნის მკურნალობის შემდეგ გუშინ რომის სპალანცანის საავადმყოფოდან გაწერეს – ჩინელი ცოლ-ქმარი გამოჯანმრთელდა, მიუხედვად იმისა, რომ მათი მდგომარეობა დაავადების დასაწყისში საკმაოდ მწვავე იყო. აღსანიშნავია, რომ მათი კონაქტების მიხედვით ვირუსი არავის დაუდგინდა. კოდონიოს პირველი პაციენტის ინფიცირების  წყარო კი დღემდე დაუდგენელია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close