fbpx
იტალიასაზოგადოება

კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა იტალიაში – ინფიცირებულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

ლომბარდიის ქალაქში სკოლები, ბარები და სხვა საჯარო დაწესებულებები დაიხურა

38 წლის იტალიელი მამაკაცი, რომელიც ჩინეთში არ ყოფილა, კორონავირუსით იტალიაში დაინფიცირდა; ვირუსი დაუდგინდა მის ორსულ ცოლს და კიდევ ერთ პირს, რომელმაც მასთან ფეხბურთი ითამაშა.

მთლიანობაში 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ლომბარდიაში და შედეგად იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა – ამის თაობაზე „ანსა“ წერს ლომბარდიის ჯანდაცვის საკითხების მრჩევლის, ჯულიო გალერას განცხადებაზე დაყრდნობით.

ცოტა ხნით ადრე გალერამ აცნობა საზოგადოებას, რომ კოდონიოში (Codogno – კომუნა იტალიაში 15 900-მდე მცხოვრებით, ლოდის პროვინციაში, ლომბარდია; მილანიდან 60,8% კმ), რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთშია, გუშინ საავადმყოფოში მოათავსეს 38 წლის იტალიელი მამაკაცი, რომლის ტესტმა ახალი ტიპის კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

მამაკაცი თავად ჩინეთში არ ყოფილა, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, თებერვლის დასაწყისში მან მეგობართან ერთად ივახშმა, რომელიც ჩინეთიდან დაბრუნდა. ლომბარდიის ხელისუფლების განცხადებით, ამ უკანასკნელის (ანუ ჩინეთში ნამყოფი მამაკაცის) ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდა 38 წლის იტალიელის ორსული ცოლიც და მესამე პირი, რომელმაც მასთან ერთად ფეხბურთი ითამაშა – მამაკაცმა თავად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. კიდევ 3 პაციენტს, რომლებმაც კოდონიოს საავადმყოფოს მიმართეს ფილტვების ანთების ნიშნებით, ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებით, ყველა მოქალაქე, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში იმყოფებოდნენ, კარანტინში მოთავსდება – „ანსას“ ინფორმაციით, საუბარია 250 ადამიანზე. თავის მხრივ, გალერამ თხოვნით მიმართა კოდონიოს და ორი მეზობელი პატარა ქალაქის მცხოვრებლებს, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს და სოციალურ კონტაქტებს მოერიდონ.

კოდონიოს მერმა მიიღო გადაწყვეტილება და დღეს ნაშუადღევს სკოლები, სკოლამდელი დაწესებულებები, ბარები და სხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტები დახურა, სულ ცოტა, კვირამდე. დაიხურა, აგრეთვე, დისკოთეკები, საცეკვაო მოედნები, სათამაშო მოედნები და სპორტული დაწესებულებები.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა ლომბარდიაში ჩავიდა.

შეგახსენებთ რომ კორონავირუსის „ისტორია“ იტალიაში იანვრის ბოლოს დაიწყო, როდესაც 2 ასაკოვან ჩინელ ტურისტს (67-66 წლის ცოლ-ქმარს) კორონავირუსი დაუდგინდა და ისინი სასწრაფოდ მოათავსეს Lazzaro Spallanzani-ს ინსტიტიუტში, რომში. ჩინელები დღემდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან, მათ უახლესი ვირუსსსაწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობენ. ექიმები ამბობენ, რომ ბოლო დროს მათი მდგომარეობის გაუმჯობესება შეიმჩნევა.

კორონავირუსით იტალიის მოქალაქის დაინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ იტალიის ჯანდაცვის უმაღლესმა ინსტიტუტმა (Iss) 7 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია. დადებითი შედეგი აჩვენა უჰანიდან რომში ჩამოყვანილი იტალიის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ტესტმა – 29 წლის მამაკაცი, აგრეთვე, სპალანცანის ინსტიტუტში იმყოფება. მისი მდგომარეობა, როგორც ექიმები ამბობენ, შეშფოთების საფუძველს არ იძლევა.

სამშაბათს იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ის ბორტზე, რომელიც 3 თებერვლიდან იაპონიის პორტ იოკოჰამაში დგას კარანტინზე  მგზავრების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, აგრეთვე, გამოვლენილია იტალიის ერთი მოქალაქის ვირუსით ინფიცირების ფაქტი:  მამაკაცი, რომელსაც აშშ-ის მოქალაქე ცოლი ჰყავს, აშშ-ში გაფრინდა სხვა მგზავრებთან ერთად და იქ მკურნალობს.

ხუთშაბათს, 20 თებერვალს ორ კვირაზე მეტხნიანი კარანტინიდან სახლში გაუშვეს იტალიის 19 მოქალაქე, რომლებიც რომში უჰანიდან 3 თებერვალს დააბრუნეს სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავით. დღეს კი, გავრცელებული ინფორმაციით, რომის სამხედრო ქალაქ ჩეკინიოლადან სახლში გაუშვებენ დანარჩენ 36 ადამიანს, რომლებიც იტალიის ხელისუფლებამ ასევე უჰანიდან დააბრუნა სპეციალური რეისით და ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდნენ. რამდენიმე ხნის წინ სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს უჰანიდან იტალიაში 17 წლის ნიკოლო გრადო, სტუდენტი, რომელიც წინა ორი რეისის დროს ბორტზე არ აიყვანეს, რადგან სიცხე ჰქონდა. იტალიაში დაბრუნებული ნიკოლოს ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

იტალიის მინისტრთა საბჭომ 31 იანვარს მიიღო დადგენილება ქვეყანაში 6-თვიანი საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ კორონავირუსის გავრცელებისგან დაცვის მიზნით. იტალიამ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლაც შეაჩერა.

ნიკო აბაშიშვილი

p. s. ამ დროისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით ასეთი სიტუაციაა: ინფიცირებულია 76 775 ადამიანი, უმეტესად, ჩინეთში (98%-მდე) – ჰუბეის პროვინციაში; გარდაცვლილია 2 248 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 18 858.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა – 634 საკრუიზო ლაინერ „დაიმონ პრენსესზე“ დაფიქსირდა; 204 შემთხვევაა სამხრეთ კორეაში, 97 – იაპონიაში და ა. შ.

ევროპაში 16 შემთხვევით გერმანია პირველ ადგილზეა. 12 შემთხვევაა საფრანგეთში, 9 – იტალიაში, 9 – დიდ ბრიტანეთში.

საბერძნეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა – მოქალაქეებს, რომლებზეც ახალი ტიპის ვირუსს ეჭვობდნენ, ყველა შემთხვევაში ჩვეულებრივი გრიპი დაუდგინდათ. საქართველომ, პრევენციის მიზნით, ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა.

რაც შეეხება ჩინეთის ფარგლებს გარეთ გარდაცვლილებს, ასეთი სულ 17 შემთხვევაა: ერთი – საფრანგეთში, ერთი – იაპონიაში, 2 – ჰონკონგში, 5 – ირანში, 2 – სამხრეთ კორეაში,  ერთი – ფილიპინებში და ერთი – ტაივანში. კორონავირუსისგან გარდაიცვალა საკრუიზო ლაინერ „დაიმონ პრენსესის“ 2 მგზავრი.

ამაღამ ჩინეთიდან საქართველოში სპეციალური რეისით ჩვენი 34 თანამემამულე დაბრუნდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ აეროპორტში ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდება. მოქალაქეებს წინასწარი შემოწმება გამოფრენამდე ჩაუტარდათ, თუმცა საქართველოში ჩამოფრენის შემდეგ ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიან საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

p. p. s. საღამოს „ანსამ“ გაავრცელა ინფორმაცია კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევის შესახებ – ამჯერად ვენეციაში.

მსგავს თემაზე : კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა – ამჯერად ვენეციაში

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close