ქართველები უცხოეთში

„იქნებ მიაწვდინოთ მთავრობას ხმა!“ – ქართველი ემიგრანტები იტალიიდან დახმარებას ითხოვენ

„იქნებ მიაწვდინოთ მთავრობას ხმა, დანიშნოს სპეციალური რეისი ქალაქ ბარიში, რათა სასწრაფოდ მოხდეს ჯანმრთელობაშერყეული და უმუშევარი ემიგრანტების დაბრუნება საქართველოში“, – გვწერენ  ქართველი ემიგრანტები იტალიიდან, ბარის რეგიონიდან. თავად დასაქმებულები არიან და, როგორც შეუძლიათ, ზრუნავენ თანამემამულეებზე, მაგრამ ამბობენ, რომ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა…

თეონა ბოტკოველი – ემიგრანტი, ბარი (იტალია):

„კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში რაც კარანტინი დაიწყო, „დახმარების კომიტეტი“ შევქმენით და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით უმუშევრად დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებს, მაგრამ უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბარის რეგიონში. ალბათ სხვაგანაც, მაგრამ რასაც თავად ვხედავთ, იმას გწერთ. უამრავი უმუშევარი კარანტინში, უსაბუთოები, ბავშვიანები, თანხის გარეშე… ყველაზე მეტად ჯანმრთელობაშერყეულებს უჭირთ, უკვე ვეღარ ვწვდებით ყველას, წამალი სჭირდებათ, ექიმი, მკურნალობა… ახლა მოგვწერეს, ახალი ნაოპერაციები გოგო ყოფილა ნაქირავებ ბინაში ორ შვილთან ერთად, ვერც ექიმთან მიდის და არც საჭმლის ფული აქვს.

კატასტროფის წინაშე ვართ… გადაადგილება კიდევ უფრო მეტად შეიზღუდა, ახალი კანონით  ხვალიდან ის გოგოებიც ვეღარ იმოძრავებენ ქუჩაში, რომლებსაც მანქანით გადაადგილების საშუალება ჰქონდათ და მათი დახმარებით თანხასა და საჭირო პროდუქტს ვაწვდიდით ჩვენს თანამემამულეებს, ჯარიმებია და ციხე კარანტინის დამრღვევებზე. კარანტინი კი შეიძლება აპრილის ბოლომდე გაგრძელდეს, ამიტომ გვინდა ხმა მივაწვდინიოთ ჩვენს მთავრობას, ერთი სპეციალური რეისი დანიშნონ ბარის რეგიონის ემიგრანტებისთვის. წამოსვლის მსურველების უმეტესობა სწორედ ეს ჯანმრთელობაშერყეული და უმუშევარი ხალხია და როგორმე დააბრუნონ ისინი საქართველოში, გაიყვანონ იტალიიდან“.

როგორც ცნობილი, 10 მარტიდან მთელ იტალიაში კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა, ბევრმა ემიგრანტმა, რომელიც გარე სამუშაოებზე იყი დასაქმებული, სამუშაო დაკარგა და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ანალოგიური სიტუაციაა სამხრეთის ქალაქ ბარიში, სადაც ყველაზე მეტი ქართველია თავმოყრილი.

გუშინ ბარის ქუჩების კონტროლისთვის დამატებით მობილიზებულ იქნა ადგილობრივი პოლიციის დრონი, მეხანძრეები და არმია. მათთვის, ვინც გარეთ უმიზეზოდ გამოდის, ჯარიმა 2000 (ორი ათას) ევრომდე გაიზარდა.

ჩვენი მხრივ, nostal.ge-ს რედაქცია სთხოვს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, დროულად  მიაქციოს ყურადღება გასჭირში ჩავარდნილ ჩვენს თანამემამულეებს და მსურველები რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად დააბრუნოს სამშობლოში!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close