საქართველოსაზოგადოება

საქართველოში COVID-19-ის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს დილას დაემატა მესამე დადასტურებული შემთხვევა. არის ჩვენი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან, ისინი ერთად გახლდნენ ირანში, შემდეგ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. გუშინ შემოვიდა საქართველოში, დაუფიქსირდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაყვანილი იქნა ინფექციურ კლინიკაში. აუღეს ნიმუში და დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სამივე დაავადებულის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ისინი აგრძელებენ მკურნალობას, დაკვირვების ქვეშ ყოფნას და მონიტორინგს ბოქსირებულ განყოფილებაში.

„მათი საერთო კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამი დღის წინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეორე შემთხვევა კი იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 31 ქალს დაუდასტურდა. ახალგაზრდა ქალი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია; აღსანიშნავია, რომ  მის შვილს ახალი კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა.

გაეროს ჯანდაცვის უწყების თანახმად, ახალი კორონავირუსის საფრთხემ უმაღლეს წერტილს მიაღწია მთელ მსოფლიოში მაშინ, როცა ჩინეთში, საიდანაც გავრცელდა თავდაპირველად ვირუსი, დაავადებულთა გავრცელების სისწრაფემ იკლო. ამის თაობაზე ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გუშინ, 28 თებერვალს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადამონ გებრეიესუსმა განაცხადა.

გუშინ კორონავირუსის პირველი შემთხვევების შესახებ გამოაცხადეს აზერბაიჯანმა, ბელარუსმა, დანიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, მექსიკამ, ახალმა ზელანდიამ და მონაკომ.

ევროპაში კორონავირუსი დადასტურდა შემდეგ ქვეყანებში: ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, ბელარუსში, შვეიცარიაში, იტალიაში, საბერძნეთში, საქართველოში, ესტონეთში, დანიაში, ნორვეგიაში, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ავსტრიაში, ხორვატიაში, რუსეთში, რუმინეთში, ბელგიაში, ფინეთში, შვედეთში, სან მარინოსა და მონაკოში.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 85 406 კაცი, გარდაიცვალა 2924, გამოჯანმრთელდა 39 590.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close