კორონავირუსისგან გამოწვეული არატიპური პნევმონიისგან გარდაიცვალა უჰანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ლიუ ჩჟიმინი. ეს პირველი შემთხვევაა ქვეყანაში, როდესაც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი კორონავირუსის გამო დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით.
ექიმი 18 თებერვალს დილით გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უფრო ადრეც გაავრცელა ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გაზეთმა „ჟენმინ ჟიბაომ“, თუმცა მოგვიანებით ცნობა წაშალა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ექიმს ჯერ ისევ მკურნალობდნენ.
ეს ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ისგან გამოწვეული პნევმონიისგან ექიმის გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის.
25 იანვარს უჰანის საავადმყოფოში გარდაიცვალა ოტოლარინგოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 62 წლის ლიან უდუნი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის „წინა ხაზზე“ იყო.
7 თებერვალს კი გარდაიცვალა 34 წლის ოფთალმოლოგი ლი ვენლიანი, რომელიც პირველი იყო, ვინც საზოგადოება და კოლეგები ახალი ვირუსის შესახებ გააფრთხილა გასული წლის დეკემბერში.
დღეის მონაცემებით (15:00 სთ თბილისის დროით), ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 73336 ადამიანი, გარდაიცვალა 1874, გამოჯანმრთელდა 13 021.
გარდაცვალებათა შემთხვევები, ძირითადად, ჩინეთზე მოდის. ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაფიქსირდა 5 ლეტალური შემთხვევა: ერთი – იაპონიაში, ერთი – საფრანგეთში, ერთი – ჰონკონგში, ერთი – ტაივანში და ერთი – ფილიპინებში.
რაც შეეხება ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირების მაჩვენებლებს: 454 შემთხვევა მოდის საკრუიზო ლაინერ „დაიმონ პრენსესზე“ (Diamond Princess), რომელიც 3 თებერვლიდან დგას იოკოჰამას პორტში (იაპონია) კარანტინზე. იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, 3711 მგზავრიდან და ეკიპაჟის წევრიდან ტესტირება უკვე ჩაუტარდა 3200-ს, ყველა პასუხი პარასკევისთვის იქნება ცნობილი. ხვალიდან კი დაიწყება იმ მგზავრების ჩაყვანა ნაპირზე, რომელთა ანალიზების პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო. მგზავრების ნაპირზე გადაყვანას 3 დღე დასჭირდება. 14 თებერვალს უკვე ჩაიყვანეს ლაინერიდან 80 წელს გადაცილებული მგზავრები.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია სინგაპურში – 77, იაპონიასა – 66 და ჰონკონგში – 61.
გერმანიაში ისევ 16 დადასტურებული შემთხვევაა (ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა), საფრანგეთში – 12 (4 უკვე გამოჯანმრთელდა), დიდ ბრიტანეთში – 9 (8 გამოჯანმრთელდა), იტალიაში – 3 (იტალიის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინელი ცოლ-ქმრის მდგომარეობა, რომელიც რომის სპალანცანის საავადმყოფოში იმყოფება, ყოველდღიურად უმჯობესდება; დამაკმაყოფილებელია 29 წლის იტალიელი მამაკაცის მდგომარეობაც).
ესპანეთში 2 შემთხვევა დაფიქსირდა და ორივე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
2 შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთში და ორივე პაციენტი უკვე ჯანმრთელია, ერთი – ბელგიაში და პაციენტის გამოჯანმრთელებით დასრულდა, ასევე, ფინეთში – პაციენტი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.
ჩინეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი პრეპარატის წარმოება უკვე დაიწყო.
სპეციალისტები ბოლო დღეებში გარდაცვალების ფაქტების შემცირების ტენდენციაზე საუბრობენ. გასულ დღე-ღამეში ჩინეთში კორონავირუსისგან 98 პაციენტი გარდაიცვალა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები