მსოფლიომედიცინა

ვერ მოხერხდა ექიმის გადარჩენა, რომელმაც პირველმა გააფრთხილა საზოგადოება კორონავირუსის შესახებ

ლი ვენლიანი პაციენტისგან დასნებოვნდა

ჩინელი ექიმი ლი ვენლიანი, რომელიც პირველი იყო, ვინც კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას უკვე გასული წლის დეკემბერში აფრთხილებდა, ამავე ვირუსით გამოწვეული ე. წ. უჰანის პნევმონიით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას FORBES.COM-ი ავრცელებს.

თავდაპირველად 34 წლის ოფთალმოლოგმა ლი ვენლიანმა ადგილობრივი სოციალური ქსელების საშუალებით გააფრთხილა კოლეგები მოსალოდნელი ვირუსის შესახებ, რის შემდეგაც ის პოლიციაში დაიბარეს, ინტერნეტით სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს და გაფრთხილება მისცეს.

ლი ვენლიანი კლინიკაში 12 იანვარს მოათავსეს. სიენენის ინფორმაციით, მას ვირუსი პაციენტისგან გადაედო, რომელიც 10 იანვარს მიიღო. ვირუსით ინფიცირება ექიმს ლაბორატორიულად პირველ თებერვალს დაუდგინდა  და დღეს, 7 თებერვალს ადგილობრივი დროით 2.58 სთ-ზე გარდაიცვალა.

მასმედიამ უფრო ადრე გაავრცელა ინფორმაცია ექიმის გარდაცვალების შესახებ, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, კოლეგებმა მისი გაჩერებული გულის ამუშავება ისევ შეძლეს. ლი ვენლიანმა, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო, კრიტიკულ სიტუაციას მაინც ვერ დააღწია თავი და პარასკევს, 7 თებერვალს გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ჩინეთის ხელისუფლებამ თავდაპირველად ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაცია დამალა, თუმცა ექიმები სოციალური ქსელით ერთმანეთს უზიარებდნენ ცნობებს მანამდე უცნობი პნევმონიის შესახებ, რომელსაც რაღაც ვირუსი იწვევდა. შემდეგ ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემოდა. საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ ვირუსმა სწრაფად გავრცელება დაიწყო და ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილია  638 ადამიანი, ხოლო 31 530 ინფიცირებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის ფარგლებს გარეთ: ერთი – ფილიპინებში, ერთი – ჰონკონგში.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სინგაპურში – 30 ადამიანი, ევროპის ქვეყნებიდან – გერმანიაში, 13 პაციენტი. იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა. მთლიანობაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ჩინეთის გარდა კიდევ 27 ქვეყანაშია დაფიქსირებული, სულ 265 შემთხვევა. მათგან, როგორც აღვნიშნეთ, 2 ლეტალურად დასრულდა.

ინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close