fbpx
პოლიტიკასაქართველო

შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს იყო უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ „უდიდესი კორუფციული ფაქტი“ უწოდა საქმეს, რომლისთვისაც დედაქალაქის ყოფილი მერი, ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. ამ თემაზე შოთაძემ ილაპარაკა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„როდესაც საუბარია 50 მილიონამდე ლარის გაფლანგვაზე, 14 მილიონი გაიფლანგა ხელფასებზე, ხოლო დანარჩენი პარტიას მოხმარდა… ის 16 მილიონიც და დარჩენილი თანხაც, საბოლოო ჯამში, მოხმარდა ხსენებულ პარტიას, პარტიულ მიზნებს… და ის ფაქტი, რომ ვიღაცებზე დამზადდა პლასტიკური ბარათები, სადაც ჩაირიცხა ეს 14 მილიონი, უბრალოდ იყო ამ გაფლანგვის ჩადენის ხერხი.

დანარჩენი თანხა გამოტანილ იქნა პირდაპირ ბანკიდან მაღალი თანამდებობის პირების მიერ – ნაღდი ვალუტის სახით გამოტანილ იქნა „ლიბერთი ბანკიდან“ და დახარჯული იქნა პარტიული მიზნებისთვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იყო და არის ალბათ უდიდესი კორუფციული ფაქტი, საქართველოს ისტორიაში რაც ყოფილა და რაზეც დღესდღეობით უკვე განაჩენია დამდგარი“, – განაცხადა შოთაძემ.

მან ჩამოთვალა ბრალდებები, რომელთა გამოც გიგი უგულავამ უკვე მოიხადა სასჯელი და ასევე ახსენა საქმე, რომელზეც განაჩენი ჯერ არ დამდგარა. შოთაძის თქმით, ეს საქმე „სითი პარკს“ უკავშირდება და ამჟამად მისი არსებითი განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

„მერიის მიერ შესაბამისი დარღვევებით ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ჩარიცხვა „სითი პარკისთვის“. აქ საუბარია 2 მილიონ ლარამდე (თანხაზე)“, – განაცხადა შოთაძემ.

დასმული შეკითხვის საპასუხოდ, გენერალური პროკურორობის კანდიდატმა მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზებზეც ილაპარაკა. შოთაძე ფიქრობს, რომ არსებობს სრული სამართლებრივი საფუძველი არამიზნობრივად გახარჯული თანხების ბიუჯეტისთვის დასაბრუნებლად, ამ შემთხვევაში – გიგი უგულავას საქმესთან მიმართებითაც.

„ამისი შესაბამისი სამართლებრივი გზა არსებობს, რაც, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა განხორციელდეს… იმ უწყებას, რომელსაც, შესაბამისად, დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი – და დღეს საკმაოდ ხმამაღლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს იყო დანაშაული, რადგან სამივე ინსტანციის განაჩენია უკვე დამდგარი… იმ უწყებას, რომლის საბიუჯეტო ასიგნებები არამიზნობრივად გაიხარჯა, უფლება აქვს სამოქალაქო წესით იდავოს იმ არაკეთილსინდისიერი მოხელეების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამ თანხების არამიზნობრივი გახარჯვა და სამოქალაქო წესით, რეგრესის გზით მოითხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება“, – განმარტა შოთაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 10 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დააპატიმრეს. ის დამნაშავედ ცნეს „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში. უზენაესმა სასამართლომ მას 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. გიგი უგულავას დაპატიმტების მისამართით არაერთი შეკითხვა დაისვა საქართველოს ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. განცხადებებში ლაპარაკია პოლიტიკურ დევნაზე. „ქართული ოცნება“ ყველანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 7 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

შოთაძე ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას – 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოხატავდა მანამდე, ვიდრე მისი კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნებოდა. უფლებადამცველები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close