საქართველოპოლიტიკა

რა ხდება პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე? – გიგი უგულავა ციხეში დაბრუნდა (ვიდეო)

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს წყვეტს და იქადნება, რომ „ნაკერავზე გახევენ“ „ოლიგარქიულ რეჟიმს“

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, ამჟამად კი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ ე. წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას პროკურატურა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის რეაბილიტაციის მიზნით, 2010 წლის 16 ივლისს თბილისის მერიამ ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ დააფუძნა. იმჟამინდელმა თბილისის მერმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავამ, მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად.

ოპოზიცია თვლის, რომ უგულავას დაკავებით ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა და 2020 წლის არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის 2019 წლის დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობდა და მასში დიპლომატიური კორპუსიც მონაწილეობდა. მოლაპარაკებების მაგიდასთან მხარეები მას შემდეგ დასხდნენ, რაც საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ჩააგდო და ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით არ გაიმართებოდა.

„არავითარი მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე რაუნდი აღარ იქნება“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ.

მისი თქმით, ოპოზიცია სახალხო დაუმორჩილებლობაზე გადადის და უგულავასთვის პატიმრობის შეფარდება „ქართული ოცნების“ დასასრულს ნიშნავს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ადასტურებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეწყდება, თუმცა ლეიბორისტების ლიდერისაგან განსხვავებით დაუმორჩილებლობას არ აანონსებს და ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება და ის მშვიდობიანი იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, მაშინ, როდესაც ოპოზიცია საარჩევნო სისტემის პრინციპებზე მსჯელობდა, უგულავასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით ოლიგარქიულმა რეჟიმმა თქვა, რომ მათ კომპრომისი, ოპოზიცია, მოქალაქეები საერთოდ არ აინტერესებთ.

„გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისათვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ხაზარაძის პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, გიგი უგულავას დაკავება „ხელისუფლების უსუსურობის მორიგი გამოვლინებაა“.

„თუ ადამიანები და გარკვეული ჯგუფები უარს ამბობენ მოლაპარაკებების მაგიდაზე, ეს მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პოზიცია და არ იცოდნენ, რა წინადადებით უნდა წარმდგარიყვნენ არა ჩვენთან და, ზოგადად, ევროპელი პარტნიორების წინაშე, არამედ, ზოგადად, ქართული საზოგადოების წინაშე“, – ასეთ კომენტარს აკეთებს ოპოზიციის საპასუხოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის კი მიაჩნია, რომ უგულავას დაკავება წმინდად სამართლებრივი საკითხია: „აქ პროკურატურას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ 50 მილიონი მოიპარა და ფიქრობენ, რომ უნდა გაასაჩივრონ უმაღლეს სასამართლოში და არ დატოვონ ეს საკითხი ისე, აქედან გამომდინარე ან მე, ან აშშ-ს წარმომადგენელმა რა კომენტარი უნდა გააკეთოს… მე ბავშვები ვიცი, 3-4 კილო ჯართის მოპარვისთვის 5 და 6 წელი ახეხინეს ციხეები. ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაკავება, მაგრამ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ვერ გადაწყვეტს მას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ.

რამდენად შეძლებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისთვის იმის ახსნას, რომ გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ამას ახლო მომავალში ვნახავთ, მანამდე კი ნიკა გვარამიამ გიგი უგულავა ეროვნულ გმირად შერაცხა.

არჩევნები ახლოვდება, დუღილის ტემპერატურა იწევს და მარადიული კითხვა: „გვეშველება რამე?“ – კვლავ აქტუალურია.

მანანა ბანძელაძე

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close