მეცნიერებმა სიმსუქნის თავიდან აცილების გზა იპოვეს!
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უჯრედის AHR რეცეპტორის ბლოკირება სიმსუქნეს არა მხოლოდ ხელს უშლის, არამედ წონის დაგდებასაც განაპირობებს.
სიმსუქნე, რომელიც გლობალურ ეპიდემიადაა აღიარებული, პირდაპირ კავშირშია ისეთი ონკოლოგიური დაავადებების განვითარებასთან, როგორიცაა ძუძუს, მსხვილი ნაწლავისა და პანკრეასის კიბო, ამიტომ სიმსუქნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მოძიებაში ონკოლოგებიც არიან ჩართულნი.
ნიუ-ჰემფშირში (აშშ) დარტმუთი-ჰიჩკოკის კიბოს კვლევის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ AHR რეცეპტორი, რომელიც თითქმის ყველა უჯრედშია წარმოდგენილი და, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელია ტოქსიკური ნივთიერებების ფართო სპექტრის გამოვლენაზე, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის მეტაბოლიზმში.
AHR-ის ბლოკირებამ არა მხოლოდ შეუშალა ხელი, არამედ აღმოფხვრა ჭარბი წონა და ღვიძლის სტეატოზი თაგვებში, ხილული გვერდითი ეფექტების გარეშე.
ავტორებმა შეისწავლეს AHR-ის ბლოკირებასთან დაკავშირებული მექანიზმები, რომლებმაც წონის დაკარგვის ეფექტი გამოიწვია და დაადგინეს, რომ დაბლოკვისას AHR რეცეპტორი ღვიძლის უჯრედებსა და ცხიმოვან უჯრედებში არ წარმოქმნის რამდენიმე საკვანძო გენს, რომლებიც აუცილებელია ცხიმების დაგროვებისა და სინთეზისთვის.
„კვლევები აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სიმსუქნის დაძლევა მედიკამენტოზური მკურნალობით. ჩვენ გვესმის, რომ AHR-ის ბლოკირება ხელს უშლის და თავიდან გვაცილებს სიმსუქნეს და რომ ეს შეიძლება საფუძვლად დაედოს ადამიანებში სიმსუქნის თერაპიულ მკურნალობას“, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ტომლინსონი.
ამჟამად ავტორები ექსპერიმენტებს კვლავ აგრძელებენ, ცდილობენ გაარკვიონ, საკვებში შემავალი რომელი ნაერთები ააქტიურებენ AHR-ს და ხელს უწყობენ სიმსუქნის განვითარებას და რა როლს ასრულებენ მთელ ამ პროცესში ნაწლავური ბაქტერიები.
კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში International Journal of Obesity.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები