ცნობისმოყვარის ბლოგი

ემიგრანტებმა უნდა გავითავისოთ, რომ „ძალა ერთობაშია“

უცხოეთში ცხოვრება ყოველთვის სირთულეებს უკავშირდება. ამ დროს ადამიანებს ორი მთავარი პრობლემა აწუხებთ: შეინარჩუნონ თავიანთი იდენტობა და მიაღწიონ ფინანსურ წარმატებას.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ პირველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მშობლიური ენისა და რწმენის შენარჩუნება, რადგან სწორედ ეს ორი ელემენტი წარმოადგენს ადამიანის იდენტობის მთავარ მახასიათებლებს. მეორე მიზნის მისაღწევად კი საჭიროა იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, რომლებსაც მასპინძელი ქვეყანა იძლევა.

ცხადია, ორივე შემთხვევაში საჭიროა დიასპორის წევრებს შორის სოლიდარობა. სწორედ ამიტომაც ემიგრანტები გარკვეულ ორგანიზაციებში ერთიანდებიან. ეს ბუნებრივია. როგორ არის საქმე ამ მხრივ საბერძნეთის ქართულ დიასპორასთან დაკავშირებით? ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა: ათენში, მაგალითად, არსებობს ეკლესია, სადაც ყოველი თვის პირველ კვირა დღეს ლიტურგიას ქართულ ენაზე ქართველი საეკლესიო მსახურები ასრულებენ. ამას გარდა, ფუნქციონირებენ დიასპორული ორგანიზაციები. მათი რაოდენობა დიდია ანუ არჩევანი ფართოა.

მიუხედავად ამისა, ალბათ ყველა გრძნობს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. მართალია, ყველა ცდილობს, მაგრამ დიასპორის ერთობა მაინც არ გამოდის. მთავარი მიზეზი ალბათ მაინც უნდობლობაა. არადა, ქართველებმა ბერძნების, სომხებისა და ებრაელების მსგავსად ემიგრაციაში ერთობა აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. ამ ერთობის მისაღწევად კი დიასპორის წარმატებული და ავტორიტეტული წარმომადგენლობის აქტიურობაა საჭირო. იქნებ მოხერხდეს მათი ხელმძღვანელობით დიასპორული ორგანიზაციების გაერთიანება და ისეთი მექანიზნის შექმნა, რომელიც სოლიდარობასა და ურთიერთდახმარებას უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ემიგრანტებიც შეიტანენ ფინანსურ წვლილს საერთო საქმეში. მაგალითად, რატომ არ უნდა ჰქონდეს ქართულ მრავალრიცხოვან დიასპორას ათენში საკუთარი ეკლესია და სკოლა?! თუკი ადამიანები იაქტიურებენ, საქართველოს ხელისუფლებასაც გაუჭირდება თანამონაწილეობაზე უარის თქმა და საერთო ძალებით უამრავი პრობლემის გადაჭრა მოხერხდება. არადა, პრობლემები მართლაც ბევრია. ამავე დროს, ჩვენს მოქალაქეებს ემიგრანტული ცხოვრების საკმაოდ მდიდარი გამოცდილება დაუგროვდათ. ამ გამოცდილების ურთიერთგაზიარება მხოლოდ სიკეთეს მოიტანს.

ქართველების ფულით ნაყიდ მიწაზე აგებული ეკლესია და სკოლა ჩვენი ერთობის სიმბოლო გახდება. ამას გარდა, ეს იქნება ნათელი კვალი, რომელსაც საბერძნეთის მიწაზე დავტოვებთ.

ცნობის-მოყვარე

კომენტარები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close