ცნობისმოყვარის ბლოგი

რატომ დააგვიანა (და დააგვიანა თუ არა) ევროპამ რეაგირება კორონავირუსზე?

ბოლო დღეებში ხშირად ისმის საუბარი იმის შესახებ, რომ ევროპამ დროულად ვერ გააცნობიერა საფრთხე, რომელიც კორონავირუსისგან მომდინარეობდა.

განსაკუთრებული კრიტიკა იტალიის ხელისუფლების მიმართ ისმის, თუმცა არც სხვა ევროპული ქვეყნების მთავრობები არიან უკეთეს მდგომარეობაში. მოდით, ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში:

ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ორი ძირითადი სტრატეგია არსებობს.

პირველი სტრატეგიის მიხედვით, ხელისუფლება ხელს არ უშლის ვირუსის გავრცელებას, რათა მისი მუტაცია მოხდეს და ადამიანებს შესაბამისი იმუნიტეტი გამოუმუშავდეთ, სანამ ვირუსის სამკურნალო წამალს არ გამოიგონებენ.

ასეთი სტრატეგიის განხორციელების დროს მცირდება პანდემიის ხანგრძლივობა და მცირდება ეკონომიკური დანაკარგები. მთავრობას ხარჯები მინიმალურად, მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში ეზრდება. ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი მინუსია სიკვდილიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი, განსაკუთრებით ასაკოვან მოქალაქეებს შორის. ამას გარდა, შესაძლებელია საავადმყოფოების გადატვირთვა. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა სუპერმარკეტებში დგანან რიგში, უცებ საავადმყოფოს კარებთან აღმოჩდნენ და სამკურნალო დაწესებულებებმა მათი მომსახურება ვერ შეძლონ.

ცხადია, მთავრობის მიერ ასეთი გადაწყვეტილების ღიად მიღება საზოგადოებრივ წინააღმდეგობას აწყდება. მოქალაქეები თვლიან, რომ ეს არაჰუმანურია და, შესაბამისად, ხელისუფლებას გაუჭირდება ასეთი სტრატეგიის მართებულობის დამტკიცება. ბოლო დრომდე დიდი ბრიტანეთის მთავრობა ატარებდა მსგავს სტრატეგიას, მაგრამ საბოლოოდ, საზოგადოების ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა, მოქალაქეთა დაცვის მიზნით შეზღუდვები დაეწესებინა.

მეორე სტრატეგიის მიხედვით, დაუყოვნებლივ ცხადდება საყოველთაო კარანტინი, იზღუდება მოქალაქეების გადაადგილება, ეკონომიკური აქტივობა მინიმალურ ზღვარზე დადის. ასეთ შემთხვევაში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა მცირდება, მაგრამ ეპიდემია დროში იწელება. შედეგად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, იზრდება როგორც მოქალაქეთა, ისე მთავრობის ხარჯები.

აღნიშნული სტრატეგია უფრო ჰუმანური ჩანს, მაგრამ მას აუცილებლად მოჰყვება მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, თუმცა მანამდე სახელმწიფოს საშუალება ექნება, გააკონტროლოს ვირუსის გავრცელება და მოქალაქეებს დროულად გაუწიოს სამედიცინო დახმარება.

რა მოხდა ჩინეთში?

როგორც დღეს უკვე ცნობილია, ეპიდემია ჩინეთში ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მაგრამ ხელისუფლებამ ინფორმაცია დამალა. ბევრი ამას ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის სპეციფიკით ხსნის. სინამდვილაში, როგორც ჩანს, ჩინეთმა თავდაპირველად ზემოთ აღწერილი პირველი სტრატეგიის მიხედვით იმოქმედა და ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუშალა. როდესაც ეპიდემიის მასშტაბები გაიზარდა, სტრატეგია შეიცვალა და ეპიდემიის ეპიცენტრი ტოტალურ კარანტინში აღმოჩნდა. სწორედ ამ, შერეული სტრატეგიის შედეგად მოხერხდა ეპიდემიის ლოკალიზაცია. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ათიათასობით განკურნებულის არსებობა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არარსებობის პირობებში.

როგორც ჩანს, ევროპის ქვეყნები ჩინელების რეკომენდაციებით მოქმედებენ. მათაც თავდაპირველად, სავარაუდოდ, შეგნებულად, ხელი არ შეუშალეს ვირუსის გავრცელებას. ასეთი მიდგობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან არაჰუმანურია და არავინ აღიარებს, რომ ეს შეგნებულად გააკეთეს. მიუხედავად ამისა, ძნელია დავიჯეროთ ევროპული პოლიტიკური ელიტის მიამიტობა. ამავე დროს, სავარაუდოდ, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა დაგვიანდება. ამის შესახებ მინიშნებებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ. თუკი ეს სინამდვილეს შეესაბამება, წინ ყველას რთული დღეები (და თვეები) გველის.

ცნობის-მოყვარე

კომენტარები

Tags

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close