fbpx
ცნობისმოყვარის ბლოგი

ერთი საჭირბოროტო საკითხი ქართველი ემიგრანტებისთვის საბერძნეთში, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია

წინა ბლოგში საბერძნეთის ქართული დიასპორის ერთობაზე ვწერდი, ასეთი ერთობა კი საერთო პრობლემების გადაწყვეტას უნდა ემსახურებოდეს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ბერძნული მართვის მოწმობის საკითხია. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებს, ბერძნული ენის სათანადოდ არცოდნის გამო, უჭირთ თეორიული გამოცდის ჩაბარება და ბერძნული მართვის მოწმობის აღება. არადა ამ საკითხის მოგვარებას მნიშვნელოვანი პრაქტიკული დანიშნულება აქვს – ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოახერხებდა დასაქმებას, რადგან საბერძნეთში მძღოლის პროფესიაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

ამჟამად საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრო ავტომობილის მართვის თეორიული გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობას ოთხ ენაზე იძლევა: ბერძნულად, ინგლისურად, ალბანურად და რუსულად. ამ სიაში ქართული ენის დამატება ადვილი საქმე არაა. უმთავრესად, აუცილებელია ბერძნული მხარის დარწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ამას გარდა, საჭიროა მთელი თეორიული მასალის ქართულად თარგმნა, რაც დიდ შრომასა და პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული, ასევე, მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა საბერძნეთში საქართველოს საელჩომ საკითხი საბერძნეთის ტრანსპორტის სამინისტოს წინაშე დააყენოს. სხვათა შორის, ამ საკითხს გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს – ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ენა საბერძნეთის ხელისუფლებას შემთხვევით არ აურჩევია: რუსული ენა ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებზეა გათვლილი. ცხადია, საქართველოს მოქალაქეებიც ამ კატეგორიაში მოიაზრებიან. ქართული ენის ცალკე გამოყოფით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ საბჭოთა კულტურულ სივრცეს აღარ ვეკუთვნით და რომ საჭიროა აღგვიქვან, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივ-კულტურული იდენტობის მატარებელი საზოგადოება. ამას გარდა, საბერძნეთში ქართული დიასპორის მრავალრიცხოვნება და ორგანიზებულობა მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდება ბერძნულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ალბათ კომპეტენტური დაწესებულებაა, რომელსაც ტესტების ბერძნულიდან ქართულად გადათარგმნის უზრუნველყოფა შეუძლია. თუკი სათანადო ფინანსები გამოიყოფა, ამ დაწესებულებაში მოღვაწე ჩვენი მეცნიერები სიამოვნებით და ხალისით შეასრულებენ შესაბამის თარგმანს.

უმთავრესი, ცხადია, ფინანსური საკითხია. სწორედ აქ არის საჭირო საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლების, დიასპორული ორგანიზაციებისა და საბერძნეთში მოღვაწე ცნობილი ქართველების აქტიურობა და ერთობა. 2014 წლის 26 იანვარს საქართველოს საელჩოში ქალაქ ათენსა და სამხრეთ საბერძნეთში მოქმედმა ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას, რაც გულისხმობს ორგანიზაციებს შორის მოქმედებების კოორდინირებას, თანამშრომლობის გააქტიურებასა და ძალისხმევის გაერთიანებას საქართველოსა და საბერძნეთის სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის დროს. მე პირადად არაფერი მსმენია ამ დეკლარაციის საფუძველზე დაფუძნებული საკოორდინაციო საბჭოს პრაქტიკული საქმიანობის შესახებ. იქნებ დროა ამ მხრივ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად? საბერძნეთში მოღვაწე ცნობილი ქართველების მონაწილეობა და მათ მიერ გაღებული წვლილი, როგორც მისაბაძი მაგალითი, ბევრ ჩვენს თანამემამულეს გაუჩენდა პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობის სურვილს, გაზრდიდა გამჭვირვალეობას და ნდობას, რაც, თავის მხრივ, სხვა საკითხებზე თანამშრომლობის საფუძველი გახდებოდა.

ცნობის-მოყვარე  

კომენტარები
თეგები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close