საქართველოსაზოგადოება

მესხეთიდან ჩინეთში – „სადარბაზოებში, მაღაზიებში ხალხს ყველგან აკონტროლებენ“

ამ დროისთვის (7 თებერვლის 22:30 სთ თბილისის დროით), ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის 31 530 შემთხვევა, საიდანაც გარდაიცვალა 638 და გამოჯანმრთელდა 1764 პაციენტი. საშიში ვირუსის გავრცელების მასშტაბის მიუხედავად ჩინეთში მცხოვრები ახალციხელი და ადიგენელი ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნებას არ აპირებენ. დები ფარულავები საქართველოში დარჩენილი ახლობლების დამშვიდებას ვიდეოთი შეეცადნენ.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა ვირუსის კერა – უჰანი დატოვა. ამ ქალაქის გარდა კორონავირუსი დაფიქსირდა ქვეყნის სხვა პროვინციებშიც, მათ შორის, ქინგდაოში, სადაც სალომე და ნინო ფარულავები ცხოვრობენ. დები, რომლებიც ჩინეთში რამდენიმე თვის წინ ჩავიდნენ, ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ. „მეცხრე არხი“ სალომეს ესაუბრა.

„აქ პანიკა ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც მანდ, საქართველოში. სწორედ მაგ პანიკის ჩასაცხრობად გავაკეთე ვიდეო, ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის. ჩვენ ქალაქ ქინგდაოში ვართ, შანგდონგის პროვინციაა. კორონავირუსის 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ 9-მილიონიანი ქალაქია და პანიკის საფუძველი არ არის“.

სალომე გვიყვება, რომ ქალაქში მოქალაქეები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადიან.

„მაქსიმალური კონტროლია. სადარბაზოები, მაღაზიები – ყველგან აკონტროლებენ ხალხს. სადარბაზოდან გასვლის დროს მედპერსონალი გვამოწმებს, ანალოგიურად მარკეტში, ავტობუსში, აფთიაქში შესვლის დროს. სტუმრადაც კი აღარ მიდიან ერთმანეთთან“.

სალომე ფარულავა

ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში ნინო შვიდი, სალომე კი ოთხი თვის წინ ჩავიდა. დები კერძო სკოლაში ინგლისური ენის ტრენერ-მასწავლებლები არიან. სალომეს თქმით, მათთან სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

„რამდენიმე დღეა ქალაქი ამოძრავდა, მაგრამ სკოლები, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლომდე არ დაიწყებენ სწავლას. ყველგან დასვენება იყო, მაგრამ საჯარო სამსახურების ნაწილმა ორშაბათს დაიწყეს მუშაობა. არ ვიცით, კერძო სექტორი როდის განაახლებს მუშაობას. მთავრობის უშუალო მითითებებით ხელმძღვანელობენ“, – გვიყვება სალომე.

ნინო ფარულავა

სამი წელია ჩინეთში ცხოვრობს ახალციხელი ლაშა ჩილაშვილი. ის საბავშვო ბაღში სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. ქალაქ ჩონგჩინში კორონავირუსის დაახლოებით 400 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის მიუხედავად ლაშა ქალაქის დატოვებას არ აპირებს.

„არც ისეთი დაძაბულობაა, რაც მანდ იწერება. ჩინეთის დატოვებაზე არ ვფიქრობ, იმედი მაქვს, რომ ვირუსის გავრცელება მალე შეჩერდება. კარანტინი არ არის, მაგრამ არდადეგებმა მარტამდე გადაიწია. მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები და საავადმყოფოებია ღია. გარეთ მხოლოდ მაშინ გავდივართ, როცა პროდუქტების ყიდვა გვინდა. ნიღბებით ვმოძრაობთ, ქუჩები ცარიელია, ყველა მიჰყვება წესებს“, – გვიყვება ლაშა.

ლაშა ჩილაშვილი

tv9news.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close