fbpx
კრიმინალისაქართველო

სალომე ზურაბიშვილი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარებას გაეცნო და ოჯახს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარებას გაეცნო.

ზურაბიშვილის თქმით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ჯერჯერობით ისევ მძიმეა, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შესაძლებელი იყო.

„შედეგი არის საშინელება. დღეს დილით ქალბატონ მანანას ვესაუბრე. ამიტომ მოვედი, რომ ვნახო. მისი თხოვნითაც მაინტერესებდა, გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლება. იმის დასტურიც მინდოდა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რაც შემდეგ ეტაპზე იქნება საჭირო. მთავარია, ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, როცა პროგნოზი ჯერ მძიმეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც ანესთეზიოლოგმა, ქირურგიული განყოფილების უფროსმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა, დღეს ოპერაცია დაგეგმილი არ არის.

„როგორც იცით, პაციენტს ჩაუტარდა ორი ქირურგიული ჩარევა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციების სიმძიმეს. დღეს რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, გარკვეული პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ არის. მრავლობითი ჭრილობები აქვს, მათ შორის – თავის არეში. მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას თავდაპირებლად ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. პირველი ოპერაციის შემდეგ ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტი ნეიროქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close