ვივალდის უნიკალური ხელნაწერი პარტიტურა წყალდიდობას გადაურჩა
ვენეციის მაცხოვრებლების ძალისხმევით წყალდიდობას გადაურჩა ბენედეტო მარჩელოს სახელობის კონსერვატორიის არქივი, მათ შორის, ვივალდის უნიკალური ხელნაწერი პარტიტურა (ანტონიო ვივალდი ვენეციაში დაიბადა 1678 წელს). Le FIGARO-ს ცნობით, წყალდიდობის შედეგად კონსერვატორიის არქივის 56 ათასი დოკუმენტიდან 5000 დაზიანდა.
კონსერვატორიის ბიბლიოთეკის დირექტორის, კიარა პანჩინოს თქმით, დაზიანებულ დოკუმენტებს შორისაა ბეთჰოვენის პირველი ნაბეჭდი გამოცემები, ვივალდის სონეტების გამოცემები, დომენიკო ჩიმაროზას ხელნაწერი პარტიტურები, როსინის და მონტევერდის დროის ძველი ასლები და სხვ.
ვენეციის მაცხოვრებლები კონსერვატორიის ადმინისტრაციის მოწოდებას გამოეხმაურნენ და დაუყოვნებლივ მივიდნენ დასახმარებლად, რათა წყალში მოქცეული წიგნები და ხელნაწერები გადაერჩინათ. მათ წყლიდან ამოჰქონდათ წიგნები და ქაღალდის ხელსახოცებით ამშრალებდნენ.
საბედნიეროდ, ვივალდის არიის – Sovvente il sole-ს ავტორისეული ხელნაწერი პარტიტურა, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია, ხელუხლებლად გადარჩა.
12 ნოემბერს „აკვა ალტას“ („მაღალი წყალი“) ფენომენის გამო ვენეციის 80% დაიტბორა, როდესაც მოქცევის პიკისას წყლის დონე 1.87 მეტრს გაუტოლდა. წყალდიდობას მსხვერპლიც მოჰყვა.
1923 წლიდან, რა დროიდანაც ჩანაწერები კეთდება, ვენეციაში მხოლოდ ერთხელ, 1966 წელს მიაღწია წყლის დონემ უფრო მაღალ მაჩვენებელს – 1.94 მეტრს.
ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუნიაროს განცხადებით, წყალდიდობის შედეგად ქალაქს €1 მილიარდის ზარალი მიადგა.
მანანა ბანძელაძე
მოუსმინეთ ვივალდის ერთ-ერთ საუკეთესო არიას Sovvente il sole – არია RV 749.18 Andromeda Liberata-დან; 1726 წ.
კომენტარები