იტალიასაზოგადოება

ნამდვილი აპოკალიფსი ვენეციაში: წყლის დონე – 187 სმ, ორი ადამიანი დაიღუპა (ფოტოები და ვიდეო)

ყველაზე უფრო ცუდ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა და წყლის დონემ ვენეციაში გუშინ 22:50 სთ-ზე (ადგილობრივი დროით) 187 სმ-ს მიაღწია. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქალაქის ისტორიაში 1966 წელს დაფიქსირებული 194 სმ-ის შემდეგ. დღეს მოქცევისას 150 სმ-ს პროგნოზირებენ.

ფოტო ლუიჯი ბრუნიაროს ტვიტერიდან

სამწუხაროდ, უამინდობის გამო 2 ადამიანი დაიღუპა ლაგუნაზე, კუნძულ პელესტრინაზე. 78 წლის მამაკაცს მეხი დაეცა, ხოლო მეორე გარდაცვლილი თავის სახლში იპოვეს.

მერმა ლუიჯი ბრუნიარომ დილით რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა თავის ტვიტერში და დაწერა: „ეს კატარსტროფაა. დახმარებას სახელმწიფოს ვთხოვთ. … ვენეცია დაჩოქილია. სან-მარკოს ბაზილიკამ სერიოზული ზიანი განიცადა, ისევე როგორც მთელმა ქალაქმა და კუნძულებმა.  … ყველას დახმარება გვჭირდება, რომ ეს მძიმე დღეები გადავიტანოთ“.

ლუიჯი ბრუნიარო, ფოტო ტვიტერიდან

„ნამდვილი აპოკალიფსური განადგურებაა, არ ვაჭარბებ, ქალაქის 80% წყალშია, წარმოუდგენელი, საშინელი ზარალია“, – განაცხადა ვენეტოს პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ყველა სკოლა დაკეტილია, თუმცა წყლის ავტობუსები რეგულარულად მუშაობენ. ისინი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გაჩერდებიან მხოლოდ მაშინ, როცა წყლის დონე 150 სმ-ს გადააჭარბებს.

Acqua Granda. ANSA/Andrea Merola

გუშინ  ძლიერი წვიმა დაატყდა თავს იტალიის სამხრეთს, კერძოდ, მატერას – უძველესი კულტურის ქალაქს, რომლის გზები ტალახის და ნაგვის ნიაღვრებად იქცა. სასის რაიონი უამინდობამ ძლიერ დააზარალა. იონიის ზღვის სანაპიროს ქარმა სიროკომ დიდი ზარალი მიაყენა.

ძლიერი გრიგალი დაატყდა თავს პორტო ჩეზარეს სალენტოში. ლიპარის კუნძულები კი 6-7-ბალიანი შტორმის გამო მესამე დღეა, ორშაბათიდან მოყოლებული, იზოლაციაშია, ბორნები და გემები პორტებში დგანან და გამოდარებას ელიან.

დღეს ნარინჯისფერი საფრთხეა გამოცხადებული ბაზილიკატაში, ყვითელი – აბრუცოში, კალაბრიაში, კამპანიაში, ემილია-რომანიაში, ფრიული ვენეცია-ჯულიაში, ლაციოში, ლომბარდიაში, მოლიზეში, აპულიასა და ვენეტოში.

წყარო: Ansa

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close