იცით, ვინაა ეს წაბლის მატლივით მსუქანი არსება?

თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ. ეს სახეობა, როგორც ზოოპარკის მიერ გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაშენების პირასაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამრავლება.

„იცით, ვინაა ეს წაბლის მატლივით მსუქანი და ღოღიალა არსება? აფრიკული მოხატული ძაღლის შვილი. მოდით, ლეკვი ვთქვათ, თორემ ძაღლიშვილი რაღაცნაირად, უხერხულად ჟღერს.

რომ იმშობიარა დედამისმა, ვიცოდით, მაგრამ რამდენი გააჩინა, ან რა სქესის, დღემდე ვერ გავარკვიეთ. ბუნაგში ჰყავს პატარები შემალული და არავის აჭაჭანებს ახლოს. ჩვენც არ ვურღვევთ მყუდროებას, არ ვანერვიულებთ, პალატაში არ ვეჭრებით, არიქა, ბავშვები დაგვანახეო და ვაძლევთ საშუალებას, თვითონ გადაწყვიტოს, როდის წარუდგინოს სამყაროს ნაშიერები. ჰოდა, როგორც ჩანს, ამის დროც დადგა. რამდენიმე დღეა, რაც გარეთ გამოყვანა დაიწყო. ჯერჯერობით ორი ცალი გვაჩვენა. გამოსვამს ცოტა ხნით, მზეს მიაფიცხებს, გააგორ-გამოაგორებს, გაასუფთავებს, მუცლებს დაუმასაჟებს, მერე ჩაავლებს პირს და უკან, ბუნაგში აბრუნებს.

აფრიკული მოხატული ძაღლი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და, პირველ რიგში, ამიტომაა მნიშვნელოვანი ამბავი მათი გამრავლება. მეორე ის, რომ ზოოპარკებში, სადაც მათი გადარჩენის პროგრამები ხორციელდება, ადვილად ვერ მრავლდებიან. და ცხადია, გავიფხორეთ ამაყი მშობლებივით. და მესამეც – რა ჯობია იმ ემოციას, ბუჩქებს შორის ამ თვალებღილას რომ მოჰკრავ თვალს და ფოტოს გადაღებასაც რომ მოახერხებ, ყურებამდე გაბადრული“, – სიხარულს გვიზიარებენ Facebook-ზე ზოოპარკის თანამშრომლები.

ინფორმაციისთვის: აფრიკული მოხატული ძაღლი ანუ აფთრისებრი ძაღლი (Lycaon pictus) ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველია. მოხატული ბალნიანი საფარველის გამო მას „ჭრელ მგელსაც“ უწოდებენ. ეს სახეობა გადაშენების პირას არის მისული. მათი გადაშენების ძირითადი მიზეზებია ცხოვრების ჩვეული ადგილების დეგრადაცია და ინფექციური დაავადებები, ასევე, მათი უკონტროლო დახოცვა. ძუ აფრიკული მოხატული ძაღლი, ჩვეულებრივ, 6-8 ლეკვს ყრის.

კომენტარები