fbpx
იტალიასაზოგადოება

დღეს ვენეციაში წყლის დონემ 154 სმ-ს მიაღწია – წყალდიდობის შედეგად ზარალი უკვე €1 მილიარდია

დღეს ვენეციაში ისევ უამინდობა და წყალდიდობაა – 154 სმ დაფიქსირდა მოქცევის პიკის დონე 11:26 სთ-ზე ადგილობრივი დროით პუნტა დელა სალუტეში. ამის თაობაზე იტალიური მედია წერს.

„ანსას“ ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალური რაიონის 70% დაიტბორა. შეჩერებულია წყლის ავტობუსების მოძრაობა, სკოლები მესამე დღეა დაკეტილია. დაიხურა ტურისტული ობიექტები – დოჟების სასახლე, სან მარკოს ბაზილიკა და სხვ.

როგორც ცნობილია, გუშინ მთავრობის სხდომაზე ვენეციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კომისრად კი ქალაქის მერი ლუიჯი ბრუნიარო დაინიშნა.

ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუნიაროს განცხადებით, წყალდიდობის შედეგად ქალაქს  €1 მილიარდის ზარალი მიადგა. მანამდე მერმა Twitter-ზე დაწერა, რომ წყლის დონის მატების გამო მოედნების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

პრემიერ-მინისტრ კონტეს განცხადებით, სახელმწიფო ქალაქის დასახმარებლად პირველ ეტაპზე 20 მლნ ევროს გამოყოფს, დაზარალებული კერძო პირების კომპენსაციად 5 ათასი ევრო განისაზღვრა, მეწარმეების (კაფეების, მაღაზიების და ა.შ. მფლობელთათვის) – 20 ათასი ევრო.

გუშინ ვენეციის ხელისუფლებამ ქალაქის საიტზე განათავსა ინფორმაცია გრაფიკული ილუსტრაციებით, როგორ მოქმედებს მოქცევები ვენეციაზე.

სან მარკოს მოედანი ვენეციის ყველაზე დაბალი წერტილია ზღვის დონიდან (ზოგადად, ქალაქის კუნძულების სიმაღლე ზღვის დონიდან 2 მეტრს არ აღემატება). სან მარკოს (წმინდა მარკოზის) მოედნის დატბორვისთვის მოქცევის 80-სმ-იანი დონეც საკმარისია.

ვენეციაში მოქცევების დონე (სიმაღლე) იზომება და პროგნოზირდება პირობით ნულთან მიმართებაში – ათვლა იწყება იმ წერტილიდან, რომელზეც მდებარეობს პუნტა დელა სალუტე, რომელიც 1897 წლიდან ითვლება ეტალონურ დონედ. ტერმინი „მაღალი წყალი“ (Acqua Alta) გამოიყენება, როდესაც მოქცევისას წყლის დონე პირობითი ნულოვანი წერტილიდან 80 სმ-ზე მაღლა იწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „მაღალი წყლის“ დონე ყველგან ერთნაირია. ქალაქ ვენეციის საიტი ამ თვალსაზრისით 3 მაგალითს აჩვენებს: სან მარკოს მოედანი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი წერტილია და მის დასატბორად 80-სმ-იანი მოქცევაც საკმარისია. რიალტოს დასატბორად კი ზღვის დონემ მოქცევისას 105 სმ-ს უნდა მიაღწიოს ნულოვან წერტილთან მიმართებით, ხოლო 135-სმ-იანი მოქცევის დროს სანტა ლუჩიას სარკინიგზო სადგურის ტერიტორია იტბორება, რომელიც ქალაქის ყველაზე მაღალი წერტილია.

სანტა მარია დელა სალუტე. ფოტო ვიკიპედიიდან

როდესაც ვენეციაში „მაღალი წყალი“ მოდის, პრობლემები ექმნება სატრანსპორტო და ქვეით მოძრაობას ქალაქის ყველაზე დაბალ ადგილებში (როგორიცაა, მაგ., სან მარკოს მოედანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ). როდესაც მოქცევა 100 სმ-ს აჭარბებს, ქალაქის ტერიტორიის 5% იტბორება, 110 სმ-იანი მოქცევის დროს 17% იფარება წყლით, 140 სმ-ის დროს – 59%.

„მაღალი წყლის“ „მოსვლას“ მოსახლეობას სირენით ამცნობენ, რომელსაც მოსდევს სიგნალი. მოქცევის დონის შესაბამისად, სიგნალი 4 სახისაა:

110 სმ-ის შემთხვევაში – უწყვეტი სიგნალი ერთსა და იმავე ნოტზე.

120 სმ – 2 ხმოვანება, რომელთა ამპლიტუდა იზრდება.

130 სმ – 3 ხმოვანება ზრდადი ამპლიტუდით.

140 სმ და ზემოთ – 4 ხმოვანება ზრდადი ამპლიტუდით.

ქალაქში ვრცელდება ხმები მოსალოდნელი ახალი უფრო ძლიერი წყალდიდობის შესახებ, რაც მოსახლეობაში პანიკას იწვევს. ქალაქის მუნიციპალიტეტის განცხადებით, ეს ხმები სინამდვილეს არ შეესაბამება და მოსახლეობას შეუძლია სწორი ინფორმაცია საქალაქო სამსახურებისგან მიიღოს. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ შესაძლებელია სათანადო ზომები მიიღონ და სასამართლოსაც კი მიმართონ.

ვენეციის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ ქალაქში გადაადგილებას. 13 ნოემბერს სტიქიამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1923 წლიდან, არსებული ჩანაწერების მიხედვით, მხოლოდ ერთხელ, 1966 წელს მიაღწია ვენეციაში წყლის დონემ გუშინწინდელ პიკზე (1,87 მ) მაღალ დონეს – 1.94 მეტრს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close