თუშური ფოლკლორის საღამო იტალიაში – „ჩემო ქართველებო, ჩემი სამზეოს ნაწილებო, დიდი სიყვარულით გელით…“

„დეე, შენა-დ, თუშეთ…“  – ასე ჰქვია პოეტ გიორგი რამაზაშვილის შემოქმედებით საღამოს (თუშური ფოლკლორული საღამო), რომელიც 21 ნოემბერს იტალიაში, ქ. ბარიში გაიმართება.

თუშურ დიალექტზე შექმნილ ლექსებთან ერთად შესრულდება თუშური სიმღერები გარმონსა და ფანდურზე. დამსწრე საზოგადოება საოცარ, როგორც გიორგის ერთ-ერთ ლექსშია, „ცისკარივით თუშეთის“ ფოლკლორის სამყაროში იმოგზაურებს.

ღონისძიება საქველმოქმედოა. პოეტის სურვილით, შეგროვილი თანხა ყველა ქართველისათვის საყვარელი ადამიანის, გამოჩენილი კინორეჟისორისა და მწერლის, გოდერძი ჩოხელის ვაჟის – ნიკა ჩოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება (გოდერძი ჩოხელის ვაჟი 2016 წელს ავტოავარიაში მოხვდა. სამწუხაროდ, 28 წლის ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია – რედ.).

გიორგი, საინტერესოა, რას ნიშნავს, რა ემოციას აღძრავს ემიგრანტ პოეტში უცხოეთში ასეთი საღამოების მოწყობა?

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არაერთი პერსონალური საღამო ჩატარებულა როგორც საქართველოში, ისე სტამბოლის სხვადასხვა, ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ ორგანიზაციაში, აქ  ცოტა უფრო სხვანაირი შეგრძნება მაქვს. ძალიან ამაღელვებელი მომენტია, როდესაც ემიგრაციაში მყოფი შენი თანამემამულეების წინაშე უნდა წარდგე თავადაც ემიგრანტი, თუმცა მიხარია: თუ ერთი დღით მაინც შევძლებ ჩემი ქართველების გულის გათბობას, უზომოდ ბედნიერი ვიქნები.

თუშეთს ბევრი ემიგრანტი ჰყავს. მინდა, რომ შეძლებისდაგვარად ცოტათი მაინც შევუმსუბუქო ის გაუსაძლისი მონატრება ადგილის დედისა, რასაც თუშისათვის თუშეთისადმი უკიდეგანო სიყვარული ჰქვია.

დიდ მადლობას ვუხდი ჩემი საღამოს ორგანიზატორს, ქალბატონ მაია ლომიძეს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მცირედი წვლილიც კი მიუძღვის ამ ღონისძიების ორგანიზებაში. მთელი სულით და გულით ვიწვევ ჩემს ქართველებს 21 ნოემბერს საღამოზე და ვპირდები, რომ ძალიან თბილ და სიყვარულით სავსე ღონისძიებას ვაჩუქებ.

მინდა გითხრათ, რომ საღამო უკვე დიდი ხანია იგეგმება, მაგრამ აქაური სამუშაო პირობების გამო ვერ ვახერხებდი ორგანიზატორებისათვის თანხმობის მიცემას. ერთ დღესაც ჩვენს გოდერძი ჩოხელზე ლექსი „დამეწერა“ და… მოკლედ, ვარჩიე ღონისძიება საქველმოქმედო იყოს და შემოსული თანხით გოდერძი ჩოხელის ვაჟს, ნიკა ჩოხელს დავეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

მთელი გულით გიწვევთ, ჩემო ქართველებო, ჩემი სამზეოს ნაწილებო, მივაწვდინოთ ყველამ ერთმანეთს ხმა, დიდი სიყვარულით გელით თუშურ საღამოზე. შევეცდები ღირსეულად წარვდგე თქვენს წინაშე, ჩემო ემიგრანტო ქართველებო! ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარულითა და სითბოთი სავსე 21 ნოემბერი!

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები