მოდა/სილამაზე

რატომ უნდა შევიძინოთ ფეხსაცმელი საღამოს?

ფეხსაცმელი რომ არა მარტო მოდური, არამედ, აგრეთვე, კომფორტული, გამძლე და ჰიგიენური უნდა იყოს, ამაზე საუბარს არ მოვყვებით, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ფეხსაცმლის ყიდვისას შემდეგი ფაქტორები გაითვალისწინოთ:

* აირჩით ფეხსაცმელი, რომელიც არ გიძნელებთ მოძრაობას, ტერფს დაზიანებისა და დეფორმაციისგან იცავს, არ აზიანებს კანს.

* ახალი ფეხსაცმლის გასინჯვისას ფეხზე უნდა იდგეთ, აუცილებლად გადადგით რამდენიმე ნაბიჯი, რადგან სიარულისას ტერფის ზომა ყოველთვის იცვლება. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ფეხსაცმელი საღამოს გავიზომოთ – მაშინ, როდესაც მთელი დღის განმავლობაში სიარულის გამო ფეხები ოდნავ შესიებულია.

* ფეხსაცმელში ფეხის თითები თავისუფლად უნდა მდებარეობდეს. ამასთანავე, ნუ დაივიწყებთ, რომ ზომაზე მეტად თავისუფალმა ფეხსაცმელმა შეიძლება ფეხის გადაგიტყავოთ ან სულაც კოჟრი გაგიჩინოთ.

* ღია მოდელები, მაგალითად, ნავის ფორმის ფეხსაცმელი აუცილებლად მჭიდროდ უნდა ეკვროდეს ტერფს, განსაკუთებით ქუსლს.

* ყოველდღიურად ჩაცმისთვის რეკომენდებულია სამი-ხუთი სანტიმეტრი სიმაღლის ქუსლის მქონე ფეხსაცმელი. ზომაზე მაღალ და წვრილ ქუსლზე სიარული ფეხის უკანა კუნთების კუმშვასა და წინა კუნთების გაგანიერებას იწვევს; ფეხი ადრე იღლება, იმატებს ტრავმების რისკი.

* ე. წ. პლატფორმა ფეხსაცმლის ქუსლსა და ცხვირს შორის სიმაღლის მკვეთრი ცვლილება არ არის და, აქედან გამომდინარე, არ იძაბება ფეხის ტერფი თითის წვერებიდან ქუსლამდე, მაგრამ ამ სტილის ფეხსაცმელს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს – როდესაც პლატფორმა ფეხსაცმელი გვაცვია, სავალი ზედაპირის უსწორმასწორობას ვერ ვგრძნობთ, რაც ფეხის გადაბრუნებისა და დაზიანების საფრთხეს ქმნის.

კარგი იქნება, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, როდესაც ახალი ფეხსაცმლის ყიდვას დააპირებთ. მთავარი არ დაგავიწყდეთ: ფეხსაცმელი საღამოს მოისინჯეთ და ისე შეიძინეთ.

კირა კარიაული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close