ლიტერატურა/წიგნებისაზოგადოებასაბერძნეთი

გამოვიდა ბერძენი მწერლის რომანი გასული საუკუნის 80-იანი წლების საქართველოს შესახებ

საინტერესო სიახლე ელით საბერძნეთის ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს, რომლებსაც ლიტერატურა უყვართ: გამოვიდა ცნობილი ბერძენი მწერლის, სოტი ტრიანდაფილუს რომანი „ლუნა პარკი წმინდა მთაზე“, რომლის მოქმედებაც მე-20 საუკუნის 80-იანი წლების თბილისში ხდება.

რომანი მწერლის ტეტრალოგიის მესამე ნაწილია. აღნიშნული სერია მან საბჭოთა კავშირს მიუძღვნა. ტეტრალოგიის რომანებში აღწერილია ცხოვრება საბჭოთა კავშირში სხვადასხვა ეპოქასა და ვითარებაში.

წიგნი საგამომცემლო სახლმა „პატაკიმ“ დაბეჭდა. სცენარის მიხედვით, მთავარი გმირია ირინა ნოზაძე, რომელიც გაზეთ „საბჭოთა საქართველოს ქრონიკებში“ მუშაობს, იგი საბჭოთა საქართველოს მეცნიერული მიღწევებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების შესახებ ინფორმაციის გადაწერით არის დაკავებული. ირინას შეუმჩნეველი ცხოვრება თანდათანობით იცვლება, რასაც 80-იანი წლების საქართველოში მომხდარი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენები განაპირობებს, მათ შორის, თვითმფრინავის გატაცების ცნობილი ამბავი, აგრეთვე, 1989 წლის 9 აპრილი. ეს მოკლე ინფორმაცია წერია გამომცემლობა „პატაკის“ საიტზე რომანის შინაარსის შესახებ.

წიგნი უკვე იყიდება და მისი ფასი 15 ევროა.

აქვე გაცნობებთ, რომ ოთხშაბათს, 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე გაიმართება წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც უმასპინძლებს წიგნების მაღაზია „პლიადესი“. მაღაზია მდებარეობს ევანგელიზმოს მეტროს სადგურის ქვემოთ, რიზარის პარკის უკან, მისამართზე: სპიროს მერკურის ქუჩა 62, პაგრატი, ათენი. სამსაათიან განხილვაში თავად ავტორი მიიღებს მონაწილეობას.

სოტი ტრიანდაფილუ

ცოტა რამ ავტორის შესახებ: სოტი ტრიანდაფილუ ათენში დაიბადა 1957 წელს. თავდაპირველად იგი ფარმაციით დაინტერესდა, მაგრამ მალე მისი ინტერესის სფერო მკვეთრად შეიცვალა. მომავალმა მწერალმა სწავლა განაგრძო პარიზში, სადაც ისტორია და კულტურა შეისწავლა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ტრიანდაფილუ ფრანგული ფილოლოგიით დაინტერესდა. იგი არის რამდენიმე რომანის და მოთხრობების კრებულების ავტორი, ამას გარდა, დაწერა შვიდი ნაშრომი კინემატოგრაფიის შესახებ.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close