მოდა/სილამაზექართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

როგორ გახდა ქართველი ემიგრანტი CARTIER-სა და GUCCI-ს ვიზაჟისტი – თათია ქაშაკაშვილის რომაული ისტორია

„თათია, მოვა დრო და აუცილებლად გააკეთებ იმას, რაც გიყვარს!“ – ამ სიტყვებს უმეორებდა საკუთარ თავს ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ქალი, როცა რომში მომვლელად მუშაობდა, ან როცა სახლებს ალაგებდა. 28 წლის იყო, იტალიაში რომ ჩავიდა – მაშინ თავისი ცხოვრების ერთი თავი დახურა და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყო.

ეს 8 წლის წინ მოხდა… დღეს ქართველი ვიზაჟისტი ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა: Cartier, Bvlgari, Gucci და Dolce & Gabbana. როგორი იყო ცხოვრება იტალიამდე და რა გზა გაიარა ბადანტეს რუტინული ყოველდღიურობიდან მაღალი მოდის სამყარომდე – ამის შესახებ თათია ქაშაკაშვილი თავად გვიამბობს.

***

დავიბადე საჩხერის რაიონში. 7 წლის ვიყავი, როდესაც მთელი ოჯახი თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად – ჩემი მშობლები, მე და ჩემი და.

ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენი და, სამწუხაროდ, როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება ხოლმე, ჩვენი თანაცხოვრება მალევე დასრულდა. მყავს ერთი ქალიშვილი – მარიამი, რომელიც ჩემი დიდი ძალა და მოტივაციაა.

28 წლის ასაკში რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე – დამეტოვებინა საქართველო უკეთესი მომავლისა და საკუთარი თავის პოვნის იმედით. ასე აღმოვჩნდი იტალიაში, კერძოდ, რომში. ვიცოდი, რომ აქ სანდო და ერთგული ადამიანი დამხვდებოდა, რომელიც გზის გაკვლევასა და სამსახურის პოვნაში დამეხმარებოდა. ასეც მოხდა!

ვისი იმედი გქონდათ, ვინ არის ეს ადამიანი?

ეს ადამიანი გახლავთ ეკა ცაბაძე. მე და ეკა – ორივე საჩხერიდან ვართ, ფაქტობრივად, მის ხელში, მის თვალწინ გავიზარდე. მერე ნათელ-მირონები გავხდით და ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდა. ეკას დიდი დამსახურებაა, ახლა იტალიაში რომ ვარ.

იმ დროს, როდესაც ეკას დავურეკე და ვესაუბრე, ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი იყო. ეკამ მომისმინა, გამაცნო აქაური სიტუაცია და ამიხსნა, თავიდან რაზე და როგორ მომიწევდა მუშაობა. მითხრა: „შენ ყველაფერს შეძლებ, არ დანებდე და თავი არავის დაუხარო, ადექი და წამოდი!“ ეს სიტყვები მომაკვდავისთვის ჭიქა წყლის მიწოდების ტოლფასი იყო ჩემთვის. გადაჭარბებული არაა, ამას რომ ვამბობ, ეკასი უზომოდ მადლიერი ვარ!

მადლობა ეკას ჩემგანაც, თქვენ შესახებ სწორედ მან მომაწოდა ინფორმაცია….

საოცრად ნიჭიერია ეკა, ჩემი თვალით ვხედავდი მის დაუღალავ შრომას, გამთენიის, 4-5 საათზე დგებოდა და იწყებდა თექაზე მუშაობას, რომ მოესწრო და 8 საათზე სამსახურში წასულიყო.

კარგია, როცა უცხო გარემოში ვიღაცის იმედი გაქვს, მაგრამ მაინც, ადაპტაცია რამდენად ადვილად მოახერხეთ, რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რა გაძლევდათ სტიმულს?

ვფიქრობ, ყველაზე დიდი სირთულე ენის ბარიერია, როდესაც შენს აზრს ვერ გადმოსცემ, არ გესმის მათი და ამ დროს ისეთი განცდა გაქვს, რომ იკარგები. ზუსტად აქ იწყება ფიქრი – დანებდე თუ გზა განაგრძო? მე დანებება იოლად არ მჩვევია – ყოველი წამი, რომელსაც ჩემი შვილის გარეშე გავდიოდი, უფლებას არ მაძლევდა, სისუსტე გამომეჩინა, თუმცა გულწრფელი ვიქნები და, იყო ეს გარდაუვალი მომენტებიც, საკუთარ თავში ჩაკეტვა და ფიქრის უსასრულო ნაკადი. მოტივაციას და სტიმულს კი ჩემი სამომავლო გეგმები მაძლევდა.

რა გეგმა გქონდათ, რას ფიქრობდით, უცხოეთში რომ მიდიოდით და რა სათქმელი გაქვთ ახლა, როცა იტალიაში უკვე ბევრი გიცნობთ, როგორც წარმატებულ ვიზაჟისტს?

სხვა ემიგრანტების მსგავსად მეც ვფიქრობდი, მაქსიმუმ 5 წელში ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ… აქ ყოფნამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა, პიროვნულად გამზარდა, ჩემი შეხედულებები გადამაფასებინა, საკუთარი თავის მეტად ვირწმუნე, დროისა და შრომის ფასი ვისწავლე. პროფესიონალურ დონეზე შევისწავლე ვიზაჟის ხელოვნება და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ, მიუხედავად ყველანაირი სირთულისა, ნამდვილად ღირდა ჩემი განვითარებისთვის აქ ჩამოსვლა. დანებება გამოსავალი არ არის! – ამას ვეტყოდი ყველას, ვინც თავისი ქვეყანა დატოვა და უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით საკმაოდ რთულ გზას გადის, სწამდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების.

რას საქმიანობდით, სანამ იტალიაში წასვლას გადაწყვეტდით?

საქართველოში ყოფნისას, წლების მანძილზე, ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში ვმუშაობდი. იტალიაში ჩამოსვლისას მომვლელად დავიწყე მუშაობა, ეგრეთ წოდებულ „ბადანტედ“. ასევე ვალაგებდი სახლებს და ამ დროს გონებაში ჩემს თავს ვუმეორებდი: „თათია, მოვა დრო და აუცილებლად გააკეთებ იმას, რაც გიყვარს!“ მერე ბავშვებთან დავიწყე მუშაობა აღმზრდელად და დღემდე ვმუშაობ, ჩემს პროფესიასთან შეთანხმებით.

ვიზაჟი სად შეისწავლეთ პროფესიონალურ დონზე? როდის დაიწყო თქვენი, როგორც ვიზაჟისტის, კარიერა?

სილამაზესა და ესთეტიკასთან შეხება ყოველთვის მქონდა – საქართველოში ყოფნის პერიოდში, ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის პარალელურად, სილამაზის სალონშიც ვმუშაობდი. ჩემს მეგობრებს (და არა მარტო მათ) ყოველთვის მე ვუკეთებდი მაკიაჟს. პატარძლებთანაც მქონდა ნამუშევარი, პროფესიონალურ დონეზე კი უკვე აქ, რომის ერთ-ერთ საუკეთესო და ცნობილ აკადემიაში – „Accademia di trucco Professionale“ (6 თვის განმავლობაში კვირაში 5 დღე, 5 საათის განმავლობაში გვიტარდებოდა ლექციები) შევისწავლე როგორც Beauty Makeup, ისე კინოფილმისთვის სპეციალური ეფექტები, თეატრის, მოდის, პატარძლისა და ტრანსფორმაციული ვიზაჟი. სწორედ ამ აკადემიამ მომცა საშუალება ამეღო ევროპის საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი (Regione Lazio), რითაც ძალიან ვამაყობ. ასე დაიწყო ჩემი გზა ჰობიდან – პროფესიონალიზმამდე.

ვის ან რას მიუძღვის თქვენს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი?

საინტერესო კითხვაა… გულწრფელად გეტყვით და, ყველა იმ ადამიანს მიუძღვის წვლილი ჩემს წარმატებაში, ვინც ცხოვრებაში იმედი და მოტივაცია მომცა, გვერდით დამიდგა, ჩემი ირწმუნა და დაიჯერა, ვინც მენდო. მთავარი ადამიანი კი ჩემი კომპანიონია, რომელმაც შთამაგონა, რომ ყველაფერს შევძლებდი, ბარიერებს ადვილად გადავლახავდი და ყველაფერი გამომივიდოდა. მეც მჯეროდა და მზად ვიყავი, სხვადასხვა სირთულისთვის თვალი გამოესწორებინა, მაგრამ მისი ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. მადლიერი ვარ მისი ასეთი თანადგომის.

ვინ არის თქვენი კომპანიონი?

ჩემს კომპანიონზე ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია, გადაჭარბების გარეშე. 6 წელია ერთად ვცხოვრობთ. ვფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რომ მასთან ერთად ყოფნა გადავწყვიტე. თინეიჯერობის პერიოდში საკმაოდ წარმატებით თამაშობდა ჩოგბურთს, ახლა კი Sottufficiale (უმცროსი ოფიცერი) გახლავთ, ანტონიო ბარა (Antonio Barra), რომელიც 35 წელზე მეტია იტალიის საჰაერო ჯარში (Regia Aeronautica) მუშაობს. გატაცებულია ხელოვნებით, ძირითადად კი, მხატვრობით.

ანტონიოს დიდი ოჯახი ჰყავს (7 და-ძმანი იყვნენ), იცის ოჯახური ურთიერთობების ფასი, პატივისცემა, ყურადღების, თავისი ემოციებისა და გრძნობების გამოხატვა. ვფიქრობთ, ჩვენი ურთიერთობა უფრო მეტად გავამყაროთ, სამომავლო გეგმებზე ვმსჯელობთ და ალბათ მალე ყველაფერს მოვაგვარებთ. თუმცა ჩემთვის უმთავრესია, რომ ჩემს შვილს და მას საუკეთესო ურთიერთობა აქვთ, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ შეხედულებებს და ანტონიო ყოველთვის ამაყობს მარიამით.

ანტონიო მარიამთან ერთად

მარიამი თქვენთან ერთადაა იტალიაში?

არა, მარიამი საჩხერეში, ჩემს მშობლებთან ცხოვრობს, ისინი ზრდიან. მინდოდა ჩემთან წამოსულიყო, მაგრამ ამ ეტაპისთვის თვითონ შეიკავა თავი. მარიამი ჯერ 16 წლისაა, კარგად სწავლობს და თავისი სამყარო აქვს, ცეკვავს ქართულ და ლათინოამერიკულ ცეკვებს, საზღვარგარეთ კონკურსებზე დადის, ბევრჯერ ასახელა საქართველო და პირველი ადგილით დაბრუნდა მშობლიურ ქვეყანაში. გულწრფელად მადლობელი ვარ მისი, გარდა იმისა, რომ დედა-შვილი ვართ, ყოველთვის ვეკითხები რჩევას, ვსაუბრობთ და ორივე ვცდილობთ, სიშორემ ჩვენი ურთიერთობა, ნდობა და გულახდილი საუბრები არ გაწყვიტოს, რაც ამ ეტაპზე კარგად გამოგვდის.

თათია, მარიამი და ანტონიო

წარმატებული მომავალი მარიამს!

დიდი მადლობა!

…საუბარი კი თქვენს წარმატებებზე გავაგრძელოთ. როგორც შევიტყვე, ცნობილ ბრენდებთან (CARTIER, BVLGARI, GUCCI, DOLCE & GABBANA…) თანამშრომლობთ. როგორ დაიწყო ეს თანამშრომლობა, პირველმა ვინ „შეგამჩნიათ“, თუ შეიძლება ასე ითქვას, და როგორ გრძელდება დღემდე?

ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობა აკადემიის დასრულების შემდეგ დაიწყო, სადაც ჩემმა ლექტორმა, პროფესიონალმა ვიზაჟისტმა, ქალბატონმა Lorena Leonardis-მა „შემამჩნია“. ერთ დღესაც დამირეკა და შემომთავაზა, რომ BVLGARI-ს VIP კლიენტები მომემზადებინა ჩვენებაზე წასასვლელად. მოხდა ისე, რომ რამდენიმე ვიზაჟისტს შორის მეც აღმოჩნდი. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი დამსახურებითა და ჩემი დიდი მონდომებით, მუდმივად განვითარებაზე ორიენტაციითა და თავდაუზოგავი გრაფიკით, ვთანამშრომლობ მაღალი მოდის ბრენდებთან ბექსთეიჯში და VIP კლიენტებთან. ეს ბრენდებია CARTIER, Alta Gioielleria, GUCCI, BVLGARI, DOLCE & GABBANA. ასევე, სატელევიზიო გადაცემების ჩაწერებზე პატივი მქონდა, მეთანამშრომლა იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტელეწამყვანსა და მსახიობთან, ქალბატონ Maria Grazia Cucinotta-სთან. ვმონაწილეობდი საშობაო კონცერტების ჩაწერაშიც, რომელიც Rai 5-ზე გადაიცემოდა. გარდა ამისა, ჩართული ვიყავი იტალიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, სხვადასხვა წვეულებასა და ჩვენებაში.

იტალიელ დიზაინერ ანა ფენდიასთან ერთად

 გასულ წელს Dolce & Gabbana- საახალწლო ვახშამსაც დაესწარით…

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე Dolce & Gabbana-ს საახალწლო ვახშამს დავესწრებოდი. ეს იყო საოცარი, დაუვიწყარი და გამორჩეული წვეულება მილანში, სადაც ფოტომოდელ თამარ ვაშალომიძესთან ერთად ვიყავი.

რა გაძლევთ იმპულსს მუშაობისას? თქვენი მიზანი რა არის?

იმპულსს მუშაობისას მაძლევს განვითარება, საკუთარი თავის მუდმივი გაუმჯობესება და იმის შეგრძნება, რომ ჩემი ნამუშევარი ადამიანს თავდაჯერებულს ხდის და კარგ განწყობას მატებს.

რაც შეეხება მიზნებს – ბევრი მაქვს, თუმცა მათზე საუბარი მხოლოდ მაშინ მიყვარს, როცა რეალურად სრულდება.

არის ისეთი პროდუქცია, რომელსაც არასოდეს იყენებთ?

არ ვიყენებ პროდუქციას, რომელიც არ აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნას ხარისხზე, ტექსტურის და კანის უსაფრთხოების სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს სანდო, ხარისხიანი და რეალურ შედეგს იძლეოდეს.

შეიძლება, რომ მაკიაჟმა ადამიანის თვითშეფასებაზე იმოქმედოს?

დიახ, ვფიქრობ, მაკიაჟს შეუძლია თვითშეფასების ამაღლება, ამიტომ მნიშვნელოვანია დეტალებსა და სიმსუბუქეზე ზრუნვა. ყოველდღიური მაკიაჟი არ უნდა იყოს ტრანსფორმაცია; ეს უნდა იყოს იმ ბუნებრივი ლამაზი ნაკვთების წინა პლანზე წამოწევა და ხაზგასმა, რაც ადამიანს აქვს.

როგორია თქვენი სილამაზის ფორმულა – რა არის მთავარი იმისთვის, რომ ადამიანი ლამაზად გამოიყურებოდეს?

ჩემი სილამაზის ფორმულა ძალიან მარტივია: უპირველესად, შინაგანი ჰარმონია საკუთარ თავთან. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლილი კანი და ზომიერი მაკიაჟია. როდესაც ქალი თავს კარგად გრძნობს, ეს ავტომატურად აისახება მის გარეგნობაზე, მაკიაჟით კი განწყობის ამაღლებაში ვეხმარებით.

თუ არის უნივერსალური პროდუქცია, რომელიც ყველა ქალს უხდება – ქართველი იქნება, იტალიელი თუ ნებისმიერი ერის წარმომადგენელი?

ვფიქრობ, სილამაზეს ეროვნება არ აქვს. მთავარი ქალის შინაგანი განწყობა, თავდაჯერება და საკუთარი თავის პატივისცემაა, თუნდაც ეს სწორად გაკეთებული მაკიაჟით იყოს გადმოცემული. მცირედი კორექცია, ბუნებრივი ფერები და ტექსტურები, სწორად შერჩეული დეტალები კი ნებისმიერი ქალისთვის იქნება უნივერსალური.

ომელი ცნობილი ადამიანის ვიზაჟისტი იქნებოდით?

ეს ჩემი ის ოცნებაა, რომელსაც გაგიმხელთ: არც მეტი – არც ნაკლები, ჯულია რობერტსის ვიზაჟისტი ვიქნებოდი.

აგსრულებოდეთ ოცნებები! მანამდე კი, საინტერესოა, რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ვიზაჟი?

ამაზე ხშირად დავფიქრებულვარ. ჩემი აზრით, ადამიანში ძალიან მნიშვნელოვანია მზერა, ამიტომ ტუშს და სწორად შერჩეულ ტუჩსაცხს განსაკუთრებულ როლს ვანიჭებ.

ამბობენ, რომ უცხოეთში დღესაც ბევრმა არ იცის საქართველოს შესახებ. თქვენ, როგორც ადამიანი, რომელიც საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობთ, რას იტყვით ამაზე?

მართალია, საქართველო ბევრისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილია, თუმცა სიტუაცია იცვლება. ჩემი გამოცდილებით, საერთაშორისო გუნდებთან მუშაობისას არაერთხელ მიგრძნია როგორც ინტერესი, ისე პატივისცემა. ვფიქრობ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარვადგენთ საკუთარ თავს და ქვეყანას. თითოეული ჩვენგანი, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ ვსაქმიანობთ, გარკვეულწილად საკუთარი ქვეყნის სახე ვართ. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, საუბრისას ყურადღება გავამახვილო საქართველოს კულტურაზე, ტრადიციებზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რათა სრულფასოვანი წარმოდგენა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაზე.

რაში დაგარწმუნათ უცხოეთში ყოფნამ, რა გასწავლათ ემიგრაციამ?

უცხოეთში ყოფნამ დამარწმუნა, რომ შესაძლებლობები მაშინ ჩნდება, როცა საკუთარ თავს ენდობი. ემიგრაციამ მასწავლა გამბედაობა, შრომის ფასი და ის, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა აუცილებელია განვითარებისთვის. სწორედ ეს გაძლევს ძალას, რომ უფრო ნათლად დაინახო და გააზრებულად დაგეგმო შენი შემდგომი ნაბიჯები. ასევე, გასწავლის დროის ფასს, საკუთარი თავის პატივისცემას და უკეთ გაცნობს ადამიანებს. სიშორე წვრთნის ურთიერთობებს – ზოგი კავშირი მყარდება და ძლიერდება, ზოგი კი ბუნებრივად სრულდება. ემიგრაცია – ეს არის გზა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, უფრო მკაფიოდ დაინახო საკუთარი მიზნები და ჩამოაყალიბო სამომავლო ხედვა.

თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და როგორ ატარებთ?

თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს ფილმების ყურება. ხშირად ვესწრები ონლაინ კურსებს, ურთიერთობებისა და თვითგანვითარების სამოტივაციო ლექციებს. ასევე, მიყვარს ჩემს თავზე ტრანსფორმაციული გრიმის კეთება.

თუ არ ვცდები, თეატრის მსახიობებსა და იტალიაში საქართველოდან ჩამოსულ პატარძლებთანაც გაქვთ ურთიერთობა…

დიახ, რომში ქართულ თეატრთან ვთანამშრომლობ. დიდი პასუხისმგებლობაა პერსონაჟის გარდასახვაზე მუშაობა, თითქოს მათ პულსზე გიდევს ხელი. ყველაფერი დროულად და ზუსტად უნდა შეასრულო, რათა მსახიობები იდეალურად წარდგნენ მაყურებლის წინაშე. ამ ეტაპზე ორი სპექტაკლი დაიდგა და მე, როგორც გრიმიორი და ვიზაჟისტი, მათი გუნდის წევრი ვიყავი კულისებს მიღმა.

საქართველოდან ჩამოსულ პატარძლებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ისინი თავიანთი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს მანდობენ. ძალიან მიყვარს მათთან ურთიერთობა და მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ბევრად მშვიდი პატარძლები არიან, ვიდრე იტალიელები.

საქართველოში მცხოვრებ ვიზაჟისტებს თუ იცნობთ?

სამწუხაროდ, საქართველოში მომუშავე ბევრ ვიზაჟისტს პირადად არ ვიცნობ, რადგან ჩემი პროფესიული განვითარება იტალიაში დაიწყო და მასტერკლასებსაც, ძირითადად, აქ ვესწრები. თუმცა სოციალურ ქსელებში მათ საქმიანობას ვადევნებ თვალს – მყავს ფავორიტი ძალიან საინტერესო ვიზაჟისტები. ვფიქრობ, როდესაც საქართველოში დავბრუნდები, მათ პირადად გავიცნობ და გამოცდილებას გავუზიარებთ ერთმანეთს.

არ გიფიქრიათ, რომ თქვენი სტუდია გაგეხსნათ თბილისში?

ეს სამომავლო გეგმების სიაშია – არა მარტო თბილისში, არამედ ჩემი პატარა სტუდია იტალიაშიც მინდა მქონდეს და ზუსტად ვიცი, რომ ამის დროც მოვა.

…და მეც აუცილებლად გესტუმრებით, პირადად რომ გაგიცნოთ, მანამდე კი, თქვენ რომ ჟურნალისტი იყოთ, რა შეკითხვას დაუსვამდით ვიზაჟისტ თათია ქაშაკაშვილს?

ოო, ამ კითხვაზე კარგად უნდა დავფიქრდე… ალბათ ეს კითხვა ასეთი იქნებოდა: რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც როგორც შენი, თათია ქაშაკაშვილის პიროვნული და პროფესიული გზა შეცვალა და გაიმეორებდი თუ არა ისევ?

პასუხსაც სიამოვნებით მოვისმენთ…

ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში მშობლიური ქვეყნის დატოვება და ყველაფრის ნულიდან დაწყებაა. ეს იყო მომენტი, როცა შიშს გადავაბიჯე და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე. რთული გზაა – გზა, რომელიც გაპოვნინებს სიმტკიცეს საკუთარ თავში, დატოვო ყველაფერი, გულიდან მოიწყვიტო პატარა შვილი და აფრენილი თვითმფრინავიდან თვალებით ეძებდე მანქანას, საიდანაც იცი, რომ ცდილობს, დაგინახოს…. ემიგრაციამ მასწავლა, რომ პროფესიული წარმატება შინაგანი ზრდის გარეშე არ არსებობს. ყოველი სირთულე, ყოველი უარი, ყოველი ახლის დასაწყისი მაყალიბებდა, როგორც ადამიანს და როგორც პროფესიონალს. გზა, რომელსაც გავდივართ, არის სამზადისი მომავლისთვის – შრომა ყოველთვის თავის გზას პოულობს. მნიშვნელოვანია, ასევე, სწორ დროს სწორ ადგილას თუ აღმოჩნდები.

და დიახ! ისევ გავიმეორებდი, რადგან ამ გადაწყვეტილებამ შესაძლებლობა მომცა ვიყო ისეთი, როგორიც ახლა ვარ – უფრო ძლიერი, თავდაჯერებული და ორიენტირებული ჩემს სამომავლო გეგმებზე.

ქალებს რას ურჩევდით, როგორ მოუარონ თავს სახლის პირობებში?

ქალბატონებს ვურჩევდი, უპირველესად, კანის მოვლა გახდეს ყოველდღიური ჩვევა. სახლის პირობებში მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული გამწმენდი, დამატენიანებელი და მზისგან დამცავი ბაზა. არ არის საჭირო ბევრი პროდუქტი, მნიშვნელოვანია რეგულარობა, მთავარია საკუთარ თავზე ზრუნვა აღიქვან პატივისცემად საკუთარი თავის მიმართ და არა, როგორც ვალდებულება.

დაბოლოს, ხომ არ გინდათ რაიმე დაამატოთ?

ჩემი ფიქრები სულ საქართველოს გარშემო ტრიალებს. ვიმედოვნებ, ემიგრანტი ქართველები დავბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი მიზნების განხორციელებას სწორედ საქართველოში შევძლებთ. შესაძლებლობები, რომლებიც იტალიამ მომცა, მინდა, რომ საქართველოსაც ჰქონდეს.

ერთ თბილ და გულწრფელ გაღიმებას შეუძლია მთელი დღის განწყობა შეგვიცვალოს, ეს არის ის, რისთვისაც საფასურის გადახდა არ გვიწევს. ვიმედოვნებ, ადამიანები ისწავლიან და შეძლებენ სხვისი სიხარულის, წარმატების, ბედნიერების გულწრფელად გაზიარებას.

და კიდევ… მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის!

თამარ ოთიაშვილი

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: ეკა ცაბაძის „ანტიდეპრესანტი“ ემიგრაციაში და გზა წარმატებისკენ

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close