გაიმართა საკონკურსო სიმღერის პრემიერა, რომლითაც „ბზიკები“ ევროვიზიაზე წარდგებიან (ვიდეო)
Youtube პლატფორმაზე გაიმართა სიმღერის – On Replay – ვიდეორგოლის პრემიერა, რომელსაც „ბზიკები“ ევროვიზიის წლევანდელ კონკურსზე შეასრულებენ. ისევე, როგორც 2008 წელს, როდესაც საბავშვო ევროვიზიაზე გაიმარჯვეს და საყოველთაო ფავორიტები გახდნენ, „ბზიკებისთვის“ სიმღერა ამჯერადაც გიგა კუხიანიძემ დაწერა. კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, ვიდეორგოლის ქორეოგრაფი – თაკო გოგორელიანი.
ჯგუფი „ბზიკები“ 2008 წელს თბილისში შეიქმნა. მისი წევრები – გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი – თავდაპირველად საბავშვო ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში ცალ-ცალკე მონაწილეობდნენ, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით, ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ. 2008 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაიმართა, „ბზიკების“ წევრები კონკურსანტთა შორის ყველაზე პატარები – 10 წლისანი იყვნენ. მათი სიმღერა სხვა საკონკურსო სიმღერებისგან ძლიერ განსხვავდებოდა – სწორედ ამ ორიგინალობისა და არაჩვეულებრივი შესრულების გამო დიდი მოწონება დაიმსახურა და „ბზიკები“ კონკურსის გამარჯვებული გახდა. ეს იყო საქართველოს წარმომადგენელთა პირველი გამარჯვება, რასაც შემდგომ წლებში კიდევ 3 მოჰყვა და ამ დროისთვის საქართველო საბავშვო ევროვიზიის 4-გზის გამარჯვებულია, დიდების ევროვიზიის კონკურსი კი ჯერ არასდროს მოუგია.
დაახლოებით 18-წლიანი პაუზის შემდეგ „ბზიკები“ სცენაზე დაბრუნდნენ და ახლა უკვე დიდების ევროვიზიაზე ცდიან ბედს.
ევროფესტივალს საიუბილეო წელი აქვს – 70-ედ ტარდება. სიმღერის ყველაზე დიდი და პრესტიჟული ევროპული კონკურსი მაისში გაიმართება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, საქალაქო გალერეაში (Wiener Stadthalle). 12 და 14 მაისს ნახევარფინალები ჩატარდება, 16 მაისს კი ფინალურ შოუზე გაირკვევა გამარჯვებული. საქართველოს წარმომადგენლები პირველ ნახევარფინალში გამოვლენ 12 მაისს.
წელს კონკურსში 35 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
ნინო ხოშტარია



