ძარცვა ათენის მეტროში იარაღის მუქარით – მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა

ათენის მეტროში მომხდარმა ძარცვამ 11 მარტის საღამოს ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დროებით შეაფერხა. ინციდენტი მეტროსადგურ „აგია მარინაზე“ მოხდა, სადაც ორი ახალგაზრდა მგზავრს თავს დაესხა და ძვირფასი ძეწკვი ძალით წაართვა.
როგორ განვითარდა ინციდენტი
როგორც პოლიცია იტყობინება, დაკავებულია ორი პირი – 18 წლის საბერძნეთის მოქალაქე და 27 წლის უცხოელი, რომელსაც ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა არ ჰქონდა.
გამოძიების ინფორმაციით, ისინი თავდაპირველად მეტროს ვაგონში იმყოფებოდნენ, სადაც ერთ-ერთ მგზავრს თავს დაესხნენ და ყელიდან ოქროს ჯაჭვის ჩამოგლეჯა სცადეს. მგზავრმა წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ეჭვმიტანილები ტურნიკეტების ზონაში გადავიდნენ.
იქ მათ სხვა მამაკაცს იარაღით დაემუქრნენ და ძეკვი წაართვეს.
მეტროს მოძრაობა დროებით შეჩერდა
ძარცვის შემდეგ 27 წლის ეჭვმიტანილმა სადგურის დატოვება შეძლო, ხოლო 18 წლის ახალგაზრდა მეტროს გვირაბით გაიქცა.
უსაფრთხოების წესების შესაბამისად, მეტროს ადმინისტრაციამ ელექტროენერგია გათიშა და მატარებლების მოძრაობა დროებით შეაჩერა. ამან ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში სერიოზული შეფერხებები გამოიწვია.
მოგვიანებით პოლიციამ ორივე ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელი დაადგინა და დააკავა.
საქმეს იძიებს აგია ვარვარას რაიონის დანაშაულთა გამოძიების განყოფილება, რომელიც წინასწარ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
გამოძიებამ კიდევ ერთი ძარცვა გამოავლინა
გამოძიების პროცესში სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ 18 წლის ეჭვმიტანილი შესაძლოა დაკავშირებული იყოს კიდევ ერთ ძარცვასთანაც.
საქმე ეხება 2025 წლის ივლისში მომხდარ თავდასხმას, როდესაც მან, სავარაუდოდ, მამაკაცი დაჭრა, როცა მისთვის ოქროს ჯაჭვის ჩამოგლეჯას ცდილობდა.
დანაშაულის სტატისტიკა ათენში
მიუხედავად ცალკეული ძალადობრივი ინციდენტებისა, საბერძნეთში მძიმე დანაშაულის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში მკვლელობის მაჩვენებელი დაახლოებით 0.89 შემთხვევაა 100 000 მოსახლეზე, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
თუმცა ქონებრივი დანაშაულები – ქურდობა, ძარცვა და ჯიბის ქურდობა – განსაკუთრებით ხშირია დიდ ქალაქებში. მხოლოდ 2025 წელს პოლიციამ ქვეყანაში ყოველდღიურად საშუალოდ 136 ქურდობა და ძარცვა აღრიცხა.
სტატისტიკის მიხედვით, ასეთი დანაშაულები განსაკუთრებით კონცენტრირებულია ათენის ისეთ ნაწილებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე და ტურისტული ნაკადები მაღალია.
ამავე დროს, საერთაშორისო შეფასებებში ათენი მაინც შედარებით უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად მიიჩნევა – საბერძნეთის დედაქალაქი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ ქალაქებს შორის შუა პოზიციებზეა.
ნინო ბაჯელიძე



