ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა საკოლექციო მონეტა წარწერით – „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ევროპის საბჭოს დაარსებიდან 70 წლის, ხოლო საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საკოლექციო დანიშნულების ხუთი ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

„1999 წელს, ევროპის საბჭოს შექმნიდან 50 წლის შემდეგ, საქართველო გახდა ამ ორგანიზაციის 41-ე წევრი ქვეყანა და დაიბრუნა ევროპის პოლიტიკურ რუკაზე თავისი ადგილი. საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან მოვლენას სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სახელი. „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი”, – ქართველი პოლიტიკოსის მიერ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა.

ამ მოვლენიდან 20 წლის შემდეგ ზურაბ ჟვანიას ეს ცნობილი ფრაზა დაწერეს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ გახსნილ ვარსკვლავზე, იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავების გვერდით, რომელთაც ერთიანი, მრავალფეროვანი ევროპის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მონეტის ავერსი გაყოფილია სიმეტრიულად ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაც წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებთ, როგორც ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის სიმბოლო. მონეტის მარჯვენა მხარეს გამოსახულია ევროპის საბჭოს 70 წლის საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი ლოგო, მონეტის მარცხენა მხარეს კი განთავსებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერები: „ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ჩვენი ევროპა“; „Our Rights, Our Freedoms, Our Europe“; „5 ლარი“.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ავერსის მსგავსად, მონეტის რევერსიც ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთაც, ასევე, წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებს, მათგან ერთი წითელი ფერითაა აღნიშნული, რომელიც სიმბოლურად საქართველოს აღნიშნავს. მონეტის მარცხენა მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და წარწერები: „საქართველო“; „Georgia“; „20“ (საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის აღსანიშნავად); „1999-2019“, ხოლო მარჯვენა მხარეს დატანილია საქართველოს რუკა და წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, „I am Georgian, and therefore I am European“.

მონეტა ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა, მისი ღირებულება 95 ლარია.

მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება 1-ლი ნოემბრიდან როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით.

სანდრო ჯუფალაკიანი

1tv.ge
კომენტარები