„ასე ვცხოვრობდით სასწაულის მოლოდინში“ – ემიგრანტის დღიურიდან

სანამ  ვიზალიბერალიზაცია განხორციელდებოდა, გაჭირვებული მოსახლეობა იტალიაში წამოსასვლელად საკმაოდ დიდ თანხას იხდიდა ვიზაში. 2011 წელს 3000-4000 ევრომდე ღირდა, ამ თანხისთვის კი ბინებს დებდნენ გირაოში ან პროცენტიან სესხს იღებდნენ. მაშინ პროცენტი თვეში 5-10% იყო. საცოდავი ქალები ამ ფულის გასტუმრებისთვის, თავისი პროცენტებით, მთელი წელი შრომობდნენ.

ახალჩამოსულებს ხშირად საჭმლის ფული არ ჰქონდათ, ელოდნენ სამუშაოს, ასარჩევიც არ იყო… უძლებდნენ სამუშაოს, სანამ გაუძლებდნენ, უფრო სწორად, სანამ ვალებს დაფერთხავდნენ.

ჩვენც ასე ვცხოვრობდით ნაზის სახლში, უფულოები და სასწაულის მოლოდინში (ეს სასწაული კი სამსახურის დაწყება იყო).

რაკი ჩემი ჩვევა სახლიდან დილით გასვლა და გვიან დაბრუნებაა, რა ხდებოდა ბინაში, არ ვიცოდი. დიდ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც სამზარეულოში იდგა, რამდენიმე კორნეტო და პიცის ნაჭერი მხვდებოდა. ყველამ იცოდა, რომ ის „პეპეიას“ მოჰქონდა და დიდი სიამოვნებით გეახლებოდით ჩაისთან ერთად.

ერთ დღესაც სახლში შემთხვევით დავრჩი. გაისმა ზარის ხმა. კარი გავაღე და ვხედავ დაახლოებით 50 წლის მამაკაცს, რომელსაც ორი თეთრი პარკი უჭირავს ხელში. გაკვირვებულმა ვკითხე: ვისია ეს პარკები?

„თქვენი, ახლა ჭამეთ, ცოდოები ხართ“, – მიპასუხა. დამემშვიდობა ღიმილით და გატრიალდა.

„პეპე“, – მადლობის თქმა ძლივს მოვასწარი. არადა, რამდენი რამის თქმა მინდოდა მისთვის და იმ ბარის მეპატრონეებისთვის, კვირაში სამჯერ მაინც რომ მოჰქონდათ ჩვენთვის საკვები.

პარკები შევიტანე სამზარეულოში და უცებ ქალები დაესივნენ. ომი ატყდა ნუტელიან კორნეტოებზე. მერე დიდი ქვაბით წყალი დადგეს გაზზე ასადუღებლად. ტაფაზე პიცის ნაჭრები დაალაგეს გასაცხელებლად. შემდეგ ისე გემრიელად შეექცნენ, რომ ჩემდა უნებურად აღმომხდა: უფალო, ამ სიკეთისთვის და ამდენი ადამიანის დაპურებისთვის გაახარე და გაამრავლე მისი ოჯახი-მეთქი და მეც გემრიელად ჩავკბიჩე ნუტელიანი კორნეტო.

მეორე დღეს ნაზი (ზაუტაშვილი) მეუბნება:„ლალი, პეპეია (ჯუზეპე, ქუთაისურად პეპეია) კარგი ადამიანია. ამ ბარის მეპატრონის ოჯახში ვიმუშავე დიდი ხანი. ბებია გარდაიცვალა, შემდეგ ეს ბინაც ავიღე ქირით. მაშინ ვთხოვე ბებიას შვილებს, რომ დარჩენილი კორნეტოები და პიცები არ გადაეყარათ, რადგან აქ მრავალი გაჭირვებული ქალია ჩამოსული სამუშაოს საძიებლად და მადლია, შეჭამენ და თავს გაიტანენ. ამ ბინაში ბევრ ქართველს უცხოვრია, ბევრი ამ კორნეტოების წყალობით შიმშილს გადარჩენილა. აქ ჩამოსულებს ფულიც კი აღარ რჩებათ საცოდავებს, ენატრებთ საჭმელი. სიკეთე გადამდებია, ლალი. მინდა ყველამ დროზე იშოვოს სამსახური და თავისი მიტოვებული ოჯახები შეინახონ, ვალები გადაიხადონ. ერთ დროს მეც ეს გზა გამოვიარე. ვიცი, რა არის ემიგრანტობა“.

„ნაზი, უფალი ზევიდან იხედება, მხოლოდ ამდენი ხალხის დაპურებისთვის შეგეწევა. მართლაც კეთილი კაცია პეპეია, რომ მოაქვს აქამდე და არ ბეზრდება, გულიანი, მადლობაც კი ვერ ვუთხარი“.

ასე იყო რვა წლის წინ. ბინები ქართველებს ცოტას ჰქონდა აღებული ქირით. ადგილები არ იყო, ლამის მორიგეობით გვეძინა. კომფორტზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. იმ დროს ნაზისთან 10-15 კაცამდე ვცხოვრობდით. არ მახსოვს, ჩვენ შორის ვინმეს ეჩხუბოს, პირიქით. დღეს ჩამოსული ქართველები ჩივიან გაუსაძლის პირობებზე, თუმცა ადრინდელთან შედარებაც არ შეიძლება… ალბათ იმიტომ, რომ 4000 ევრო აღარ ჯდება აქ ჩამოსვლა. ამ ბოლო დროს ემიგრანტთა რაოდენობამ ძალიან იმატა…

ეჰ, საქართველოვ, ჩვენი ტკივილი ხარ!

ლალი დავითულიანი (ჯორჯიანა)

მილანი,  2019 წ.

კომენტარები