დეპრესია და ოსტეოპოროზი – რა კავშირია მათ შორის?
ოსტეოპოროზი დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლის სიმტკიცისა და მასის შემცირება მნიშვნელოვნად ზრდის მისი მოტეხილობის რისკს. თვითონ სიტყვა „ოსტეოპოროზი“ ნიშნავს „ფორებიან ძვალს“. მიკროსკოპით დათვალიერებისას ნორმალურ ძვალს ფიჭის შესახედაობა აქვს, ოსტეოპოროზის დროს კი ხვრელები და სივრცეები ფიჭის ხარიხებს შორის გაცილებით დიდია, ვიდრე ჯანმრთელ ძვალში. ოსტეოპოროზულ ძვალს დაკარგული აქვს სიმკვრივე ან მასა და დარღვეული აქვს ქსოვილოვანი სტრუქტურა.
ოსტეოპოროზი, როგორც წესი, ხანდაზმულთა დაავადებაა, თუმცა, ასაკის გარდა, მისი გამომწვევი სხვა მიზეზებიც არსებობს. მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესიით შეპყრობილ ადამიანებს მკვეთრად შემცირებული აქვთ ძვლის სიმკვრივე.
როგორც აღმოჩნდა, დეპრესიის შედეგად იმდენად მცირდება ძვლის მასა, რომ ამან შეიძლება ოსტეოპოროზი გამოიწვიოს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ებრაელი მეცნიერები პროფესორ რაზა იირმიას ხელმძღვანელობით.
ამ დამოკიდებულების დასადგენად მეცნიერებმა ლაბორატორიული ვირთხები გამოიყენეს. საცდელ ცხოველებს სპეციალური პირობები შეუქმნეს, რომელთა შედეგად მათ ისეთი ქცევები გამოავლინეს, რაც ადამიანებში დეპრესიის გრძნობას შეესაბამებოდა, მაგალითად, თაგვები არ ავლენდნენ არანაირ აქტივობას, რომელსაც სიამოვნების მოტანა შეეძლო და არ მონაწილეობდნენ სოციალურ ურთიერთობებში.
ამ მდგომარეობაში ყოფნის 4 კვირის შემდეგ ვირთხებს ძვლის მასის მკვეთრი შემცირება განუვითარდათ. როგორც ძვლის გამოკვლევებმა უჩვენა, ამის მიზეზი გახდა ძვლის განახლების პროცესის შეფერხება – იმ უჯრედების (ოსტეობლასტების) რიცხვის შემცირება, რომლებიც ძვლის ქსოვილს გამოიმუშავებენ.
როგორც ცნობილია, სტრესის პირობებში მთლიანი სიმპათიკური ნერვული სისტემა აქტივირდება და მყისიერ, ფართოდ გავრცელებად რეაქციას იძლევა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ დროს გამოყოფილი ჰორმონი ნორადრენალინი დამღუპველად მოქმედებს ოსტეობლასტებზე. დეპრესია კი დროში გაწელილი სტრესია.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი მუშაობა დეპრესიის მკურნალობის ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს და ოსტეოპოროზის მკურნალობაში ანტიდეპრესანტებიც „ჩაერთვებიან“.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები