„სადაც არის ბედი შენი…“ – ემიგრანტის დღიურიდან

რომის მწარე გამოცდილების შემდეგ როგორ ვიტყოდი, რომ ჟურნალისტი და მხატვარი ვიყავი… კალაბრიის ქალაქ რეჯო კალაბრიაში, სადაც სამ წელზე მეტი დავყავი, საერთოდ არ ვყვებოდი ჩემს წარსულზე, თუმცა აქ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვიყავი საქართველოში: ექიმი, მხატვარი, პედაგოგი, პროფესორი, რეჟისორი, მუშა, გლეხი, დურგალი თუ მეწაღე. იტალიელებს არ აინტერესებთ „რეგალიები“. ქართველებს კი… ეს სამი წერტილი თქვენთვის – რასაც გაიფიქრებთ.

ახალი ჩასული, სახლიდან დილით გავიდოდი და ძალიან გვიან ვბრუნდებოდი. ქალაქს ვეცნობოდი. ენაც ასე თუ ისე მესმოდა და გაქცეულს მოვაბრუნებდი. ერთ დღეს ბინის ბინადარ ქალებს ჩაუტარებიათ „გენ უბორკა“ სახლში. დალაგების დროს ჩემი ჩემოდნიდან გადმოცვენილა ფუნჯები, ფერადი საღებავები, ფერადი ზეთის კალმები, სახატავი ფურცლები. ბინის პატრონი ნაზი ზაუტაშვილი მთელი დღე კითხულობდა, ვისი იყო. ყველა მხრებს იჩეჩავდა. დავრჩი მხოლოდ მე. სახლში მისვლისთანავე მკითხა:

– ეს ნივთები შენია?

– დიახ, ნაზი, არის რაიმე პრობლემა?

– არა, თუ ხატავდი ვერ მითხარი?! აქ არის ერთი კარგი გოგო, ნინო მაზიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს – „ქართველები კალაბრიაში“ – და გამოფენებს აწყობს. ახლავე დავურეკავ… სხვათა შორის, მე ლექსებს ვწერ, ამ ემიგრანტობამ კალამი ამაღებინა ხელში და ჩემი სამშობლოსა და ოჯახის მონატრებამ ლექსები დამაწერინა.

ნაზი 10 წლის ჩამოსული იყო  იტალიაში. წამიკითხა რამდენიმე ლექსი, მათ შორის „დედა“:

„შენი კეთილი სახე

სულ თვალწინ მიდგას, გხედავ

და ისევ ღიმილს მჩუქნი,

შენ, ჩემო ტკბილო დედავ.

დარდი მაწუხებს, მიჭერს,

ცრემლის ბურთსა მჩრის ყელში,

წახვედი? – არა, დედავ,

შენ გადმოსახლდი ჩემში.

– ეს ლექსი მაშინ დავწერე, დედა რომ გარდამეცვალა. აქ ჩატარდა პოეზიის საღამო და ჩემმა ლექსებმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ქართველებში, ისე იტალიელებში. მეორე პრემია მომცეს.

ნაზიმ იმავე საღამოს დაურეკა ნინოს. მეორე დღეს დავთქვით შეხვედრა.

მაღაზია „კოინის“ წინ შევხვდით, შემდეგ იქვე მდებარე ბარში ჩამოვსხედით. საუბარში გავარკვიე, რომ ჟურნალისტი ყოფილა. პრაქტიკა გაზეთ „შანსში“ გაუვლია და კარგად იცნობდა გაზეთის რედაქტორს, ბონდო ქურდაძეს… შემდეგ ბევრი საერთო მეგობარიც გამოვჩხრიკეთ და გამოფენისთვის დროც კი დავთქვით. დავემშვიდობე ნინოს და, გახარებულმა, სახლისკენ გამოვწიე, ისე რომ სიცივეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. დეკემბერი იდგა. გზად შემთხვევით მაია ნომიაძე და ანნა ნინიკელაშვილი შემხვდნენ.

– აბა, რას შვები, მხატვარო? გამოფენა არ გამოგვაპარო. აბა, დაფქვი შეხვედრის ამბები.

– მოკლედ, დროა დასაზუსტებელი და აუცილებლად მოგახსენებთ, – სიცილით მივუგე.

– მალე დიდი მხატვარი გამხდარიყავი, ლალი, მაგრამ იცოდე, მერე ჩვენ არ დაგვივიწყო, – აგრძელებენ გოგოები.

მეც ჩემი მხრიდან: – მაია და ანნა, „პიონერულ“ სიტყვას გაძლევთ, არ დამავიწყდებით და წითელ ხალიჩაზეც გაგატარებთ ჩემთან ერთად ფოტოგრაფებისა და მედიის წინ.

– ლალი, დაგვივიწყებ. ეჰ, დიდკაცობამ ხალხის არცნობა იცის, დავიწყება კიდევ იოლი ფორმაა.

„დაგავიწყდებით, ლალი“, „არა, არ დამავიწყდებით“ – ამ ფრაზების ძახილში ვართ და მივუახლოვდით მაღაზია Coin-ს, რომლის წინ წითელი ხალიჩა იყო დაფენილი მთელ სიგრძეზე, რადგან ქალაქი შობისთვის ემზადებოდა. გავიარე წითელ ხალიჩაზე. ანნა და მაიაც გამომყვნენ. მივიხედე უკან და ბედნიერი სახით ვეუბნები: – მისმინეთ გოგოებო, ახლა ამ წითელ ხალიჩაზე გავლას დასჯერდით, მომავალში აუცილებლად გაგატარებთ ნამდვილ წითელ ხალიჩაზე, – და სამივეს სიცილი აგვიტყდა. შემდეგ ისევ გავიარეთ: – აბა, აქედან დავიწყოთ რეპეტიციები…

სახლში მისულებს, ანნას შეყვარებულის მოტანილი ფორთოხლებითა და მანდარინებით სავსე ყუთი დაგვხვდა. მივცვივდით და ერთი კვირა მუსრს ვავლებდით. ლოგინში ჩაწოლილები პანეტონს და ფორთოხლებს ვჭამდით, შამპანურის თანხლებით. თან წითელი ხალიჩის ამბავს ვყვებოდით და გულიანად ვიცინოდით. უცებ ანნა ამბობს: – ამ ფორთოხლებს ასე უმოწყალოდ რომ ანადგურებთ, ცოტა მეორე ოთახშიც შევიტანოთ გოგოებთან. ერთმა თქვა: – ვინც არ იმსახურებს, არ მივცეთ. ჩვენს ოთახში ყველა ანნას მეგობარი იყო, მე ვიყავი ცოტა უცხო, მაგრამ ფორთოხლებსა და ანნას საქმროს გაცნობაში „დიდი წვლილი“ მიმიძღვოდა ერთი შემთხვევის გამო.

ახლა უმჯობესია ვივარჯიშოთ წითელ ხალიჩაზე გავლა. უცებ ახალი შემოსული ხათუნა ჩ. ამბობს: – მეც მინდა წითელ ხალიჩაზე გავლა.

– აუცილებლად, შენ როგორ არ მოგცემთ ამ შანსს?!

– მაია, რა ვქნათ, გავატაროთ? – ვეკითხები.

– კი კაცო, რა პრობლემაა, სადაც ორი, იქაც სამი, თუ შენ თანახმა იქნები, – მეუბნება მაია.

– ხათუნა, ხვალისთვის მოემზადე, ჩვენ დღეს ვივარჯიშეთ, მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები არ გვეცვა, – ამბობს ანნა.

– კი მაგრამ, რა წითელი ხალიჩაა ასეთი, ვარჯიში რომ სჭირდება? – იკითხა ხათუნამ.

– ლალის გამოფენა ეწყობა და წითელ ხალიჩას გვიგებენ, აი, თქვენ, ჯორჯანები ნიჭიერი ხალხი ხართო. და ლამაზებიო, ფოტოგრაფებიც იქნებიან და ტელევიზიებიც… მოკლედ, მაგრად უნდა ჩავიცვათ, – ამბობს ანნა.

– მე რა უნდა ჩავიცვა ფეხზე? – კითხულობს ხათუნა.

– შავი ტუფლები, წითელ ხალიჩაზე მაგრად წავა. თან წითელ პომადას წაისვამ და ქალი იქნები ჰოლივუდიდან. მაგრად იყვირებ, – ეუბნება მაია.

– არა, ოქროსფერი უკეთესია, კაკრას „ნატალებია“ (შობას წითელი ოქროსფერში უხდება).

ხათუნა ერთადერთი ქალი იყო, რომლის სავსე ტუჩებზე წითელი პომადა მომწონდა, თანაც გემოვნებით იცვამდა. იმ საღამოს ოთახში პოდიუმიც მოვაწყვეთ. სადღეგრძელოებსა და ფორთოხლების ჭამაში დაგვათენდა. იმ ფორთოხლების დაგემოვნება კიდევ ერთ მშვენიერ გოგოს, ნათია აფციაურსაც ეკუთვნოდა. თუ რატომ, ამას მერე მოგიყვებით. ისე, „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“…  – სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი.

ლალი დავითულიანი (ჯორჯიანა)

მილანი, 2019 წ.

მაია ნომიაძე
ანნა ნინიკელაშვილი (მარცხნივ) მეგობრებთან ერთად
კომენტარები